თბილისში ბიზნესმენის შვილი გაიტაცეს

შსს-მ დედაქალაქში გატაცებული ბიზნესმენის შვილი გაათავისუფლა და ბოროტმოქმედები დააკავა
Sputnik

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. შეიარაღებული დაჯგუფების წევრებმა თბილისის ცენტრში ბიზნესმენის23 წლის ვაჟი გაიტაცეს და რამდენიმე დღით უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, შემდეგ კი გამოსასყიდი მოითხოვეს, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

საქართველოში დანაშაულის რაოდენობა იზრდება - შსს-ს ბოლო სტატისტიკა

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა გატაცებულის მამამ და აცნობა, რომ გამტაცებლები მას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდნენ, შვილის გამოსასყიდად დიდი ოდენობით თანხა მოსთხოვეს, ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მძევლის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. სამართალდამცველებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გატაცებულის ადგილსამყოფელი დაადგინეს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამტაცებლებს მსხვერპლი წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში ჰყავდათ გადამალული. სპეცოპერაციის შედეგად შსს-მ ის გაათავისუფლა, მან გამოძიებას უკვე ჩვენება მისცა. გამოკითხვის შემდეგ ის უვნებლად დაუბრუნდა ოჯახს.

ათკაციანი შეიარაღებული დაჯგუფების ყველა წევრი დაკავებულია. გამოძიება სსკ-ის 144-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. ჩადენილი დანაშაული 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.