ხელოვნება საბჭოურ ბინებში – ბათუმში უჩვეულო ფესტივალი დაფუძნდა

ორიგინალური ფესტივალის მონაწილეები საკუთარ შემოქმედებას საბჭოური ტიპის ბინებში, სადარბაზოებსა და ეზოებში წარმოადგენენ.
Sputnik

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმში თანამედროვე ხელოვნების უჩვეულო ფესტივალი დააფუძნეს. ის უნიკალურია იმიტომ, რომ მისი მონაწილეები - მხატვრები და პერფორმანსერები იცხოვრებენ და ნამუშევრებს შექმნიან საბჭოური ტიპის ბინებში, სადარბაზოებსა და ეზოებში.

ფესტივალი „მისამართი" 15-18 ნოემბერს გაიმართება, აღნიშნულია ღონისძიების Facebook-გვერდზე.

თბილისში სცენოგრაფიის ბიენალეზე სხვადასხვა ქვეყნის მხატვრები შეიკრიბებიან

პირველ ორ დღეს - 15 და 16 ნოემბერს ფესტივალის მონაწილეებს საცხოვრებელ გარემოსთან ადაპტირების და სამუშაო და საცხოვრებელი სივრცის ათვისების საშუალება ექნებათ; ხოლო 17 და 18 ნოემბერს ფესტივალის სტუმრები შეძლებენ დაათვალიერონ ხელოვანთა ნამუშევრები, ნახონ პერფორმანსები მათი მონაწილეობით.

ბათუმის ბინების მცხოვრებნი ასევე შეძლებენ ფესტივალის ღონისძიებებზე დასწრებას.

ფესტივალის დაფუძნებასთან დაკავშირებით ორგანიზატორებმა პირველ სეზონზე განაცხადების მიღება დაიწყეს. ნამუშევრების შერჩევისა და პროექტების კონცეფციების კონკურსი 26 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება

თანამედროვე ხელოვნების მხატვრებს ფესტივალში მონაწილეობა შეუძლიათ შემდეგ კატეგორიებში:

  • ვიდეო და საუნდ არტი
  • პერფორმანსი
  • ინსტალაცია
  • ციფრული ხელოვნება
  • ფოტოგრაფია
  • გრაფიკა
  • ფერწერა

კანდიდატებმა ელექტრონულ მისამართზე misamartifestival@gmail.com უნდა გაგზავნონ საკუთარი პორტფოლიო, იდეა და პროექტის აღწერა, ასევე იდეის რეალიზებისთვის საჭირო თანხის რაოდენობა, რომელიც 600 ლარს არ უნდა აჭარბებდეს.

ფესტივალის მონაწილეებს აუნაზღაურდებათ ბათუმში წასვლის, ცხოვრების ხარჯები და მათ ასევე გადაუხდიან ჰონორარს.

ფესტივალის მხარდამჭერია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.