იტალიური, როგორც მეორე ენა – განათლების სამინისტროს ახალი პროექტი

იტალიურმა მხარემ ის სკოლები, სადაც იტალიური ენის სწავლება დაიწყო, უზრუნველყო სახელმძღვანელოებით, ამასთან ერთად გადაამზადა პედაგოგები და გამოყო თანხა.
Sputnik

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და საქართველოში იტალიის ელჩმა ენრიკო ბარტოლიმ წარმოადგინეს ახალი პროგრამა „იტალიური, როგორც მეორე ენა", ნათქვამია განათლების სამინისტროს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

2018-2019 წლებში მოსწავლეები შეისწავლიან იტალიურს, როგორც მეორე უცხოურ ენას. საქართველოს სკოლებში პირველი უცხოური ენა ინგლისურია.

იტალიური ენის სწავლის პროგრამის ამოქმედება შესაძლებელი გახდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ზოგადი განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე.

სამუშაო არის, მაგრამ კვალიფიციური კადრები – არა

ამ დოკუმენტის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ – ერთობლივი პროექტები და ინიციატივები განახორციელონ იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც დაინტერესებული არიან იტალიური ენის სწავლებით.

„ენების შესწავლა არა მხოლოდ საკომუნიკაციო კომპეტენციების შეძენაა, არამედ ეს უზრუნველყოფს ქვეყნის კულტურისა და ცივილიზაციის გაცნობას, ხალხთა დამეგობრებას და ურთიერთობების განვითარებას", – განაცხადა ბატიაშვილმა.

ამ დროისთვის უკვე შემუშავდა იტალიურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი/პროგრამა და იტალიური ენის სწავლება თბილისის 20 სკოლაში, მათ შორის 13 საჯარო და 7 კერძო სკოლაში დაიწყო.

იტალიურმა მხარემ აღნიშნული სკოლები უზრუნველყო სახელმძღვანელოებით, გარდა ამისა, მოხდა პედაგოგების გადამზადება და მათი სახელფასო ფონდისთვის დამატებითი თანხები გამოიყო.