საქართველოში მეოთხე დღეა 17 წლის გოგონას ეძებენ

პოლიციაში განცხადება გატაცებულის დედამ შეიტანა
Sputnik

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციის თანამშრომლები მეოთხე დღეა 17 წლის გოგონას ეძებენ, რომელიც 12 ოქტომბერს დაიკარგა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შურისძიების ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობა, დაჭრა და გატაცება - დაკავებულია ერთი პირი

შსს-ს განცხადებით, 12 ოქტომბერს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში შევიდა დედის განცხადება ქალიშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესახებ. განცხადების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

„არასრულწლოვნის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, გამოძიების დაწყების დღიდან ამ წუთამდე მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები. პოლიციას აქტიური კომუნიკაცია აქვს არასრულწლოვნის ოჯახის წევრებთან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისათვის გამოკითხული არიან მოწმეები და სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირის ნათესავები. გამოიკითხნენ ის პირებიც, რომლებსაც შესაძლოა, ჰქონოდათ ინფორმაცია არასრულწლოვნის ადგილსამყოფელის შესახებ.