საქართველო ფრანკფურტის ბაზრობიდან „სულიკოთი" გამოაცილეს

საქართველოს მიერ ბაზრობაზე ორგანიზებული იყო ღონისძიებები, რომლებიც მოგვითხრობს ქვეყნის შესახებ, მათ შორის - კონცერტები, გამოფენები, დეგუსტაციები, ქართველი დიზაინერების ჩვენებები
Sputnik

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. გერმანიაში გუშინ საზეიმოდ დასრულდა ფრანკფურტის ცნობილი საერთაშორისო წიგნის ბაზრობა, რომელზეც საქართველო, როგორც საპატიო სტუმარი, სიურპრიზით - ქართული სიმღერა „სულიკოთი" გამოაცილეს.

ცნობილმა ქართულმა სიმღერამ ბაზრობის ადმინისტრაციის შესრულებით დამსწრე საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ქართული დელეგაცია იძახდა „ბრავოს" და ცრემლს ვერ იკავებდა.

ფრანკფურტის ბაზრობაზე საქართველოს ჰქონდა განსაკუთრებული პავილიონი, რომელიც ქართული ანბანით იყო გაფორმებული. ის აერთიანებდა ქართული ხელოვნების, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სტენდებს, ასევე ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სტენდებს.

ბაზრობის ფარგლებში საქართველომ წარმოადგინა ქვეყნის ამსახველი რიგი ღონისძიებები, მათ შორის იყო გამოფენები, კონცერტები, დეგუსტაციები, ქართველი დიზაინერების ჩვენებები, თეატრალური წარმოდგენები, ქართული კინოს რეტროსპექტივა და მრავალი სხვა. საქართველომ ასევე წარმოადგინა ქართული ლიტერატურის თარგმანები გერმანულ ენაზე და წიგნები ქართულ ენაზე.

საპატიო ქვეყნის სტატუსი 2018 წლის ბაზრობაზე საქართველომ გასულ წელს საფრანგეთისგან მიიღო. მოლაპარაკებები ამ სტსტუსის შესახებ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებთან ქართულმა მხარემ ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო, ხოლო ოფიციალური თანხმობა 2014 წელს გაფორმდა.

წიგნის ბაზრობაზე საპატიო ქვეყნის სტატუსით 2019 წელს ნორვეგია იქნება.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომელიც 500 წლის ისტორიას ითვლის, ყველაზე პრესტიჟული და დიდი საერთაშორისო ღონისძიებაა არა მხოლოდ ლიტერატურისა და საგამომცემლო, არამედ მთლიანად კულტურის სფეროში. ყოველწლიურად ღონისძიება დაახლოებით 300 ათას სტუმარს მასპინძლობს და დაახლოებით 400 ათას წიგნს წარმოადგენს.