თბილისი, 15 ოქტომბერი - Sputnik. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 17 წლის გიორგი ჩხიკვაძემ მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველოს ისტორიაში პირველი ოქროს მედალი მოიგო.
არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში 6 ოქტომბერს დაიწყო რიგით მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები. სპორტის 32 სახეობაში 4000-მდე სპორტსმენი 241 სინჯის მედალს გაითამაშებს. საქართველოს დელეგაციაში 15 მონაწილეა. დღეის მდგომარეობით ჩვენი ნაკრების მონაგარი გახლავთ 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი. ქართველი ახალგაზრდებისთვის ეს თამაშები ისტორიულია, 17 წლის ფალავანმა გიორგი ჩხიკვაძემ (60კგ) ყირგიზი ელმირბეკ სადიკოვი დაამარცხა და საქართველოს დელეგაციას პირველი ოქროს მედალი მოუპოვა. წინა თამაშებზე ვერცხლ-ბრინჯაო კი გვქონდა, მაგრამ უმაღლესი სინჯის მედალი მხოლოდ ბუენოს აირესში ავიღეთ.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი:- “ეს ძალიან კარგი შედეგია და აღემატება წინა ორ ოლიმპიადაზე აღებული მედლების ჯამს. რაც მთავარია, ჩვენ უკვე გვყავს ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და მინდა, ეს გამარჯვება მივულოცო თავად გიორგი ჩხიკვაძეს და ქართული სპორტის ყველა გულშემატკივარს.“
ოლიმპიადა 18 ოქტომბერს დასრულდება, ჯერჯერობით მოპოვებული მედლების რაოდენობით რუსეთის დელეგაცია ლიდერობს - 22 ოქრო, 9 ვერცხლი და 6 ბრინჯაო.