„ტყუილად არ წავსულვარ ევროვიზიაზე" - თაკო გაჩეჩილაძე გათხოვდა

ქართველი მომღერლის რჩეული ბულგარელი მუსიკოსია, რომელიც მან გასულ წელს ევროვიზიაზე გაიცნო
Sputnik

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე, რომელმაც საქართველო „ევროვიზია 2017"-ზე წარმოადგინა, ბულგარელ მუსიკოსს, კომპოზიტორსა და პროდიუსერს, ბორის მილანოვს გაჰყვა ცოლად.

გაჩეჩილაძის მეგობარმა, მომღერალმა ქრისტინე იმედაძემ სოციალურ ქსელში წყვილის დაქორწინების ფოტოები გამოაქვეყნა.

ბორისი და თაკო მიმდინარე წლის სექტემბერში პარიზში დაინიშნენ - ისევე, როგორც სხვა მრავალი წყვილი. ამას მომღერლის Instagram-ზე გამოქვეყნებული ფოტოებიც ადასტურებს.

ტელეარხ „იმედის" ეთერში გაჩეჩილაძემ ისაუბრა, რომ შეყვარებულები საცხოვრებლად ვენაში აპირებენ გადასვლას. ამ ქალაქში დაიბადა და გაიზარდა მილანოვი.

წყვილმა ერთმანეთი „ევროვიზიაზე" 2017 წელს გაიცნო. თაკო საქართველოს სახელით გამოდიოდა, ბორისის სიმღერები კი ბულგარეთმა და კიდევ ორმა ქვეყანამ წარმოადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ ბულგარეთმა სიმღერით Beautiful Mess, რომლის ერთ-ერთი ავტორია მილანოვი, მეორე ადგილი დაიკავა.

მაშინ გაჩეჩილაძე კონკურსის ფინალში ვერ გავიდა, თუმცა იმის თქმა, რომ ის ხელცარიელი წამოვიდა იქიდან - აღარ შეიძლება.

„ტყუილად არ წავსულვარ ევროვიზიაზე", - განაცხადა მომღერალმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.

მან ასევე ისაუბრა, რომ ძალიან სურს ბავშვები, მაგრამ დედობა მის კარიერას ხელს არ შეუშლის.

მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე 34 წლისაა, ის თბილისში დაიბადა. 2009 წელს ჯგუფ „სტეფანე და 3G"-ს შემადგენლობაში ის მოსკოვში „ევროვიზიაზე" საქართველოს სახელით უნდა გამოსულიყო, მაგრამ ეს არ მოხდა საკონკურსო სიმღერის We Dont Wanna Put In-ის პოლიტიკური კონტექსტის გამო: კონკურსანტებს ტექსტის შეცვლა სთხოვეს, მაგრამ ჯგუფმა ეს არ გააკეთა და კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.