თბილისში ანტონ ბალანჩივაძის გამოფენა „ბაღები“ იხსნება

მხატვარი თავის ნამუშევრებში იყენებს მითოლოგიას, ზღაპრის მისტერიას, ტოტემებსა და სიმბოლიზმს.
Sputnik

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. ცნობილი თბილისელი მხატვრის, ანტონ ბალანჩივაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა „ბაღები“ იხსნება კვირას გალერეა „ბაიაში“(Baia Gallery).

მხატვრის თქმით, ამ ციკლზე ის ოთხი წელი მუშაობდა. პროექტის იდეა კი თბილისში არსებული მძიმე ეკოლოგიური და ურბანული ვითარების გამო მოუვიდა.

გამოფენის ანონსში აღნიშნულია, რომ ჯადოსნურ სერიაში „ბაღები“ ანტონ ბალანჩივაძე იყენებს მითოლოგიას, ზღაპრის მისტერიას, ტოტემებსა და სიმბოლიზმს.

„მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ნამუშევრის ფოტო სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, არცერთი მათგანი არსად გამოფენილა და არავის უნახავს“, - აცხადებს ავტორი.

გამოფენის ოფიციალური გახსნა 19:00 საათზეა. მისამართი - ინგოროყვას, 19ა.

ეროვნულ გალერეაში ნიკო ფიროსმანის განახლებული ექსპოზიცია გამოიფინა

ანტონ ბალანჩივაძე ცხოვრობს და მოღვაწეობს თბილისში. დაიბადა 1978 წლის 27 ივლისს. სახვით ხელოვნებას სწავლობდა 1985-1995 წლებში თბილისის გერმანულ გიმნაზიაში, 1991-1992 წლებში კიოლნში, 1993-1995 წლებში - ყარამან ქუთათელაძის და გია გორდეზიანის არტ-სტუდიაში თბილისში, 1995-2001 წლებში - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სადაც ფერწერასა და გრაფიკას ეუფლებოდა.

მრავალი ეროვნული და საერთაშორისო გამოფენის მონაწილეა - ვენაში, ლონდონში, პარიზში, სადაც მისი ნამუშევრების გვერდით გამოფენილი იყო პიკასოს, დალის, შაგალის ნახატები.

ქართველი ფერმწერის ნამუშევრები ინახება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, საქართველოს სხვადასხვა მუზეუმსა და გალერეაში, გალერეაში „კრისტინ კოლა“ პარიზში, გალერეაში JMA ვენაში, Camden Art Gallery-ში ლონდონში, ასევე საქართველოს, რუსეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, იაპონიის, აშშ-ის, საბერძნეთის, უნგრეთის, ინგლისის, ესტონეთის, შვეიცარიის, ისრაელის, ჩეხეთის, ავსტრიისა და თურქეთის კერძო კოლექციებში.