მცხეთობა-სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით მცხეთაში გზების ნაწილი გადაიკეტება

მცხეთაში ავტომობილების მოძრაობა აიკრძალება სამხედროს ქუჩაზე რესტორან „გუჯარამდე“ და ფარნავაზის მოედნიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით
Sputnik

თბილისი, 13 ოქტომბერი  - Sputnik. მცხეთაში სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით კვირას 07:00-დან 20:00 საათამდე გზებზე შეზღუდვები იმოქმედებს, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

როგორი ამინდი იქნება სვეტიცხოვლობაზე >>

გარდა ამისა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება მცხეთაში შესასვლელში, მცხეთა-ლარსის საავატომობილო გზის მე-19 კილომეტრზე. ავტომანქანით გადაადგილება შესაძლებელი იქნება ავტოგასამართ სადგურ „რომპერტოლთან“ მდებარე პანდუსის საშუალებით, შემოვლითი გზიდან.

მცხეთაში მოძრაობა აიკრძალება სამხედროს ქუჩაზე, რესტორან „გუჯარამდე“, ასევე, ფარნავაზის მოედნიდან ხიდზე, ქალაქის ცენტრის მიმართულებით.

მცხეთობა-სვეტიცხოვლობა: დღესასწაულის პროგრამა

საქართველოში სვეტიცხოვლობა ერთ-ერთი მთავარი რელიგიური დღესასწაულია, რომელსაც წელიწადში ორჯერ – 13 ივლისსა და 14 ოქტომბერს აღნიშნავენ.

ამ დღეს საქართველოს უძველესი დედაქალაქი და სვეტიცხოვლის ტაძარი, სადაც მორწმუნეები მთელი ქვეყნიდან დილიდანვე იკრიბებიან, დღესასწაულის მთავარი ცენტრი ხდება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სვეტიცხოველში საზეიმო წირვას აღავლენს.

ამ დღეს მცხეთაში სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებები გაიმართება. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე რეგიონში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა, ასევე გაიმართება სანახაობითი ღონისძიებები, სადაც ცალკე მოწყობილი იქნება საბავშვო, გასართობ-შემეცნებითი კუთხე. დღესასწაულს გალა-კონცერტი დაასრულებს.

ქვეყანაში მცხეთობის დღესასწაული ოფიციალურად უქმე დღედაა გამოცხადებული.