მარნეულში ღვინის ფესტივალი გაიმართა

საქართველოში ქართული ღვინის დღეები თელავიდან დაიწყო
Sputnik

თბილისი, 12 ოქტომბერი -Sputnik. ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის არქეოლოგიურ კერაში - მარნეულში  „ქართული ღვინის ფესტივალი“  გაიმართა,  ნათქვამია ღვინის სააგენტოს მიერ  გავრცელებულ განცხადებაში.

ღვინის ფესტივალი მარნეულში ქართული ღვინის დღეების - „ღვინობისთვე 2018“-ის ფარგლებში გაიმართა.

„ფესტივალის მსვლელობის დროს საწნახელში დაიწურა ყურძენი, სტუმრებმა თავი მოხადეს ქვევრს და დააგემოვნეს მასში მოთავსებული ღვინო, გაიმართა შეჯიბრება ქართულ ტრადიციულ ჭიდაობაში, მოეწყო ქართული ღვინის, თაფლის, ყველისა და სხვა პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა“, - ნათქვამია განცხადებაში.

კახეთში ღვინის ფესტივალზე გიგანტურ ჩურჩხელას ამოავლებენ

ასევე, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ არქეოლოგიური გათხრების შედეგად მარნეულის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ექსპონატების გამოფენა-პრეზენტაცია, არქეოლოგიური მასალის ფოტოგამოფენა.

საქართველოში  „ღვინობისთვე 2018“ 5-21 ოქტომბრის პერიოდში იმართება. ღონისძიებები საქართველოს რამდენიმე რეგიონსა და დედაქალაქს მოიცავს. ერთი თვის განმავლობაში ქართული ღვინის მოყვარულებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ სხვადასხვა რეგიონის ღვინოები და გაეცნონ ქართულ კულტურას. ღვინის დღეები 5 ოქტომბერს „თელავინო 2018“-ით თელავში გაიხსნა და 21 ოქტომბერს ქართული ღვინის მეხუთე ეროვნული კონკურსით დასრულდება.