ისრაელში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა

საკვირაო სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია და კულტურა.
Sputnik

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ისრაელის ქალაქ ლოდში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სკოლის გახსნა ისრაელში საქართველოს საელჩოს დახმარებით მოხერხდა. საკვირაო სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია და კულტურა. ამ ეტაპზე სასწავლო პროცესში 25 მოსწავლეა ჩართული.

ისრაელში ქართველი ჩინოვნიკები არ შეუშვეს

საკვირაო სკოლის საზეიმო გახსნაზე შეკრებილთ ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ მიმართა.

„საქართველოს ელჩმა ისაუბრა ქართულ-ებრაულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე, რასაც საფუძვლად უდევს მრავალსაუკუნოვანი კავშირები და ხალხთაშორისი კონტაქტები. ელჩმა ყურადღება გაამახვილა ქართული საკვირაო სკოლის გახნის მნიშვნელობაზე ორ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავების საქმეში", – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

ამასთან, კალანდაძემ მადლობა გადაუხადა ისრაელის სახელმწიფოსა და ქალაქ ლოდის მერიას მხარდაჭერისთვის.

საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში.