თბილისი რუსი და ქართველი ახალგაზრდა ლიდერების ფორუმს უმასპინძლებს

ფორუმს თბილისში საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირი გამართავს.
Sputnik

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთისა და საქართველოს ახალგაზრდა ლიდერთა ფორუმი "სახალხო დიპლომატია - კომპრომისების დიალოგი" თბილისში 13-14 ოქტომბერს გაიმართება, ნათქვამია საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ჟენევის მოლაპარაკებები 10 წლის შემდეგ>>>

ფორუმის ძირითადი მიზანი საქართველოსა და რუსეთის მოწინავე ახალგაზრდებისთვის აქტიური თანამშრომლობის პლატფორმის შექმნაა.

„ფორუმის მონაწილეები საჯარო დიპლომატიასა და ორ ქვეყანას შორის აქტუალური პრობლემების შესახებ წინადადებების მომზადების, საქართველოში რუსული დიასპორის სტატუსის ამაღლების მექანიზმის შემუშავებისა და ქართულ-რუსულ ურთიერთობებში სახალხო დიპლომატიის პოტენციალის ზრდის კუთხით გამოცდილებას მიიღებენ", – ნათქვამია განცხადებაში.

ფორუმის ორგანიზატორები დარწმუნებული არიან, რომ აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ქართულ-რუსული დიალოგის განვითარებას და ორი ქვეყნის საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა, კულტურა და მეცნიერება.

ღონისძიების მონაწილეებს შორის იქნებიან პოლიტიკის, მეცნიერების, კულტურის სფეროს ქართველი და რუსი მოღვაწეები, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის, საქართველოს რუსულენოვანი დიასპორის წარმომადგენლები და ახალგაზრდა ლიდერები.

კარასინი: საქართველოსთან ვიზების გასაუქმებლად დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაა საჭირო

ღონისძიებას საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირი "გორჩაკოვის ფონდის" მხარდაჭერით გამართავს. როგორც კავშირის თავმჯდომარემ ალექსანდრე ბეჟენცევმა აღნიშნა, ფორუმი აპოლიტიკური იქნება.

„ფორუმი აბსოლუტურად აპოლიტიკური იქნება. მასში მონაწილეობას მიიღებენ რუსული დიასპორების ახალგაზრდა ლიდერები და არა მასმედიისთვის ცნობილი სახეები, რამდენადაც საუბარი სახალხო დიპლომატიას ეხება. ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს პოლიტიკის გარეშე, რათა ჩვენ სახალხო დიპლომატიის დახმარებით საერთო ენა გამოვნახოთ. ჩვენ არ მოგვიწვევია ლიდერები, რომლებიც ისაუბრებენ პოლიტიკაზე, ამიტომაც პოლიტიკური განცხადებები არ იქნება", – განაცადა ბეჟენცევმა.

გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, საუბარი არ იქნება ასევე საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიების შესახებ.

„ჩვენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე საუბარს გავექცევით. ისინი კი, ვინც ჩამოდიან, ძირითადად კულტურის მიმართულებით მუშაობენ და არასდროს უმუშავიათ ამ თემებზე, არ ყოფილან აფხაზეთსა და ცხინვალში, ეს იყო ჩვენი მიზანი. ეს ფორუმი სხვებისგან იმით იქნება გამორჩეული, რომ ჩვენ ვეცდებით დიასპორებს შორის დიალოგი პოლიტიკის გარეშე მივიღოთ", – დასძინა ბეჟენცევმა.