ვერდის „რეკვიემი" ზურაბ სოტკილავას ხსოვნას მიეძღვნება

დედაქალაქში მიმდინარე „შემოდგომის ფესტივალმა" შეკრიბა მუსიკოსები იტალიიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან, პოლონეთიდან და ესპანეთიდან.
Sputnik

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. კონცერტი, რომელიც 15 ოქტომბერს საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალ „შემოდგომის თბილისს" დაასრულებს, გამოჩენილ ქართველ საოპერო მომღერალს ზურაბ სოტკილავას მიეძღვნება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

სცენაზე აჟღერდება იტალიელი კომპოზიტორის ჯუზეპე ვერდი „რეკვიემი". ეს სამგლოვიარო მესა მოცარტის „რეკვიემთან" ერთად მსოფლიო მუსიკალურ საგანძურს წარმოადგენს და ამ ჟანრის ნაწარმოებებს შორის ყველაზე ხშირად სრულდება.

თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

„რეკვიემს" ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სცენაზე შეასრულებენ მსოფლიოში აღიარებული სოლისტები იანო ალიბეგაშვილი, ქეთევან ქემოკლიძე, შალვა მუქერია და რამაზ ჩიკვილაძე.

კონცერტში ასევე მონაწილეობენ საქართველოს სახელმწიფო კაპელა და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი, ასევე თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით.

კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია მუსიკალური ცენტრის სალაროებში და ონლაინ.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "შემოდგომის თბილისი" საქართველოს დედაქალაქში 1993 წლიდან ტარდება. ფესტივალის დამაარსებელი და მუდმივი პარტნიორია თბილისის მერია.

წლევანდელი ფესტივალი 7 სექტემბერს გაიხსნა და სხვადასხვა ქვეყნების მუსიკოსები შეკრიბა. ჯანსუღ კახიძის კულტურულ-მუსიკალური ცენტრის სცენაზე უკვე გამოვიდნენ მსოფლიოში სახელოვანი მუსიკოსები იტალიიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან, პოლონეთიდან და ესპანეთიდან.