მაღალმთიან დასახლებებში პენსია 240 ლარი იქნება

დღეისათვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსით 1 730 დასახლებული პუნქტი, კანონით დადგენილი შეღავათებით კი 330 ათასი ადამიანი სარგებლობს.
Sputnik

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე ადგილებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის პენსია 2019 წლის 1 იანვარიდან გაიზრდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოს პარლამენტის წევრ ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებაზე დაყრდნობით.

რა სიახლეებს სთავაზობს საქართველოს მთავრობა მაღალმთიან სოფლებს>>>

არსებული ინფორმაციით, მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებთათვის მომავალი წლის 1 იანვრიდან პენსია 216 ლარის ნაცვლად 240 ლარი გახდება.

იმ მოქალაქეებისთვის კი, რომლებიც მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე რაიონებში არ ცხოვრობენ, 2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მასშტაბით პენსიის ოდენობა 20 ლარით გაიზრდება და 200 ლარი გახდება.

მაღალმთიან რეგიონებზე 20 მილიონი ლარი დაიხარჯება

კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს ხელისუფლებამ 2015 წელს მიიღო. დღეისათვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსით 1 730 დასახლებული პუნქტი, კანონით დადგენილი შეღავათებით კი 330 ათასი ადამიანი სარგებლობს.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონის თანახმად, მაღალმთიანად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1,5 ათას მეტრ სიმაღლეზე და ზევით მდებარეობს. გამონაკლის შემთხვევებში, რელიეფის, ბუნებრივი და დემოგრაფიული პირობების გათვალისწინებით, ეს სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრზე ქვევით მდებარე დასახლებამაც მიიღოს.

კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებია: პენსიონერები და სოციალური პაკეტის მიმღები პირები სოციალური დახმარების სახით ყოველთვიურად მიიღებენ დანამატს, შესაბამისად, სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტის არანაკლებ 20%-ს; სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმი სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობის, ხოლო ექთანი პენსიის ერთმაგი ოდენობის ყოველთვიურ დანამატს; აბონენტებს არაუმეტეს 100 კილოვატი ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში ელექტროენერგიის საფასურის 50% აუნაზღაურდებათ; ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სასწავლებლის მასწავლებლები მიიღებენ ხელფასის 35%-იან დანამატს. ეს იმ შეღავათების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ითვალისწინებს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების შესახებ" ამ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის.