ჟენევის მოლაპარაკებები 10 წლის შემდეგ

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარე ჟენევის მოლაპარაკებების ყველა მონაწილე აღნიშნავს, რომ აუცილებელია მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება.
Sputnik

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებმა და თანათავმჯდომარეებმა 10 წლის განმავლობაში ამ ფორმატში გაწეული სამუშაო შეაფასეს.

ჟენევის მოლაპარაკებები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო. მასში, ტრადიციულად, მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლები, თანათავმჯდომარეები კი ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები არიან.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები აუცილებელია

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები (IPRM) 2009 წელს ამოქმედდა. შეხვედრები IPRM-ის ფარგლებში იმართება საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებთან ადმინისტრაციულ საზღვრებზე. ფორმატი ჟენევის დისკუსიების ფარგლებში შეიქმნა.

„თანათავმჯდომარეებმა, აშშ-ისა და საქართველოს მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს გალისა და ერგნეთის მექანიზმების ჩვეულ სამუშაო რეჟიმში დაბრუნების აუცილებლობას ფუძემდებლური პრინციპებისა და წესების სრული დაცვით", – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

შეხვედრები IPRM-ის ფარგლებში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ზედიზედ ჩაიშალა რამდენიმე შეხვედრა როგორც გალში, ისე ერგნეთში.

სოხუმის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩაიშალა

„შეხვედრის (ჟენევის მოლაპარაკებების 45-ე რაუნდის - რედ.) მონაწილეთა უმრავლესობამ აღნიშნა იქ (საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე - რედ.) არსებული სტაბილურობა და რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემის არარსებობა გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფის მხრივ. ამავდროულად გამოითქვა ერთსულოვანი მხარდაჭერა იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია ერთობლივი ნაბიჯების გადადგმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობის აღსადგენად გალსა და ერგნეთში", - აღნიშნეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

საქართველოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ საზღვრებთან სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების პრობლემები აღნიშნეს.

აფხაზურმა მხარემ, თავის მხრივ, კვლავ აღნიშნა, რომ IPRM-ის ფორმატზე ნეგატიურად აისახება "ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სიის მიღება. დე-ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ ფორმატში მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდებიან, თუ ოთხოზორიას საქმე დღის წესრიგში აღარ იქნება.

ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შესულია 33 ადამიანი, რომლებსაც ქართული მხარე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მძიმე დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს. სია საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 21 მარტის რეზოლუციის საფუძველზე მიიღეს. პარლამენტმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რეზოლუციაში აღნიშნული პირები სანქციების სიაში დამნაშავე პირების სახით ჩართონ.

2008 წლის შეთანხმება

საერთაშორისო თანამეგობრობისა და პირადად საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიიღეს ე.წ. ექვსპუნქტიანი შეთანხმება. დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ საომარი მოქმედებები საქართველოში შეწყდა.

საქართველო ჟენევის მოლაპარაკებებს კონფლიქტების მოსაგვარებლად უნიკალურ ფორმატად მიიჩნევს

რუსეთმა „ხუთდღიანი ომის" შემდეგ აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და ამ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების შექმნის შესახებ განაცხადა. ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

„გაიმართა მოსაზრებების ტრადიციული გაცვლა ძალის გამოუყენებლობის თემაზე. მხარეებს შორის პრინციპული უთანხმოება 2008 წლის შეთანხმების ინტერპრეტაციასთან, ასევე ამიერკავკასიაში მყარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზებთან დაკავშირებით ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევას აბრკოლებდა", – აღნიშნეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

კერძოდ, საქართველოს, აშშ-ისა და ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსეთი არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და მოსკოვს ყველა საერთაშორისო ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდეს. ამ კონტექსტში მათ დაგმეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა და ხშირი სამხედრო სწავლებები.

რუსეთის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, კვლავ გამოხატეს მზარდი შეშფოთება რეგიონში ნატოს გაძლიერებასთან დაკავშირებით, ასევე რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის საქმიანობის გამო.

ვითარება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში

„შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციების ხელმძღვანელების მოხსენება თავიანთი სახელმწიფოების წარმატებების შესახებ სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში, ინფრასტრუქტურის განვითარების, გზების მშენებლობის, ახალი საბავშვო დაწესებულებების, სკოლებისა და საავადმყოფოების გახსნის ჩათვლით. აღინიშნა ამ სამუშაოში რუსეთის მასშტაბური დახმარება, რაც მთლიანად უარყოფს პროპაგანდისტულ შაბლონებს „ოკუპირებული ტერიტორიებისა და მოსახლეობის ტანჯვის" შესახებ", - აღნიშნეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

ქართულმა მხარემ და მისმა ამერიკელმა პარტნიორებმა, თავის მხრივ, მიუთითეს საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მძიმე ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. მათ ასევე დაგმეს ადმინისტრაციულ საზღვრებზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა, ასევე ამ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტები.

„მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს" - პრემიერი კონფლიქტების მოგვარებაზე

„დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემას ასევე წარმოადგენდა გალის რაიონში მიმდინარე ეთნიკური დისკრიმინაცია, რომელიც მკვიდრ ქართველ მოსახლეობას აიძულებს არჩევანის გაკეთებას რეგიონის დატოვებასა და უცხოელებად დარეგისტრირებას შორის. აქცენტი გაკეთდა გალისა და ახალგორის ქართულ სკოლებში განათლების მშობლიურ ენაზე მიღების აკრძალვაზე", – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა საქართველოს სამხრეთ ოსეთის მხარის პოზიციების უგულებელყოფაში დასდო ბრალი.

„ჟენევაში ჩვენ თვალს ვადევნებთ მცდელობას, აქცენტებმა გადაინაცვლოს განხილვის თემებში, პოლიტიზებული გახდეს საკითხები, დემონსტრაციულად იგნორირებული იყოს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პოზიცია, რომლის წარმომადგენლებსაც ჟენევაში მრავალმხრივი ფორმატის სრულუფლებიან მონაწილედ იწვევენ, და დისკუსიები სხვა მხარეებთან ქართულ პრეტენზიებამდე იქნას დაყვანილი", – განაცხადა მედოევმა მოლაპარაკებების მსვლელობისას.

მან, ამასთან, აღნიშნა, რომ უსაფრთხოებისთვის ჟენევის მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია.

კარასინმა ქართულ ტელევიზიასთან ჟენევის მოლაპარაკებებზე ისაუბრა>>

რუსეთის, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების ოთახი ტრადიციულად დატოვეს, როდესაც საქართველომ კვლავ განაცხადა, რომ აუცილებელია იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნება.