თავდასხმა მოხდა „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტსა და ოპერატორზე

გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი რეპორტაჟს რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდა.
Sputnik

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. გადაცემა „კურიერის" ჟურნალისტი ეკა გაგუა და ოპერატორი ლევან კალანდია სცემეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები გაუსწორდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი რეპორტაჟს ამზადებდა რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე. ვიდეომასალის გადაღების დროს კი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა ოპერატორს კამერა წაართვეს და მოპოვებული ვიდეომასალის წაშლა სცადეს. რამდენიმე საათის განმავლობაში ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა კომპანიის წარმომადგენლებს ჰქონდათ ჩაკეტილი.

„ჩვენ დღეს დილიდან წამოვედით, რომ მოგვემზადებინა სიუჟეტი ახალ სარკინიგზო მაგისტრალთან დაკავშირებით. მივედით იმ ობიექტზე, საიდანაც ხდება გვირაბების მშენებლობა და არის სამშენებლო ობიექტი, შევედით ობიექტზე ფეხით მე და ჩემი ოპერატორი. იქ არანაირი გაფრთხილება, რომ არ შეიძლებოდა უცხო პირთა შესვლა, არ ყოფილა. დავიწყეთ გადაღება, რა დროსაც თავს დაგვესხნენ კომპანიის წარმომადგენლები და ფიზიკურად გაგვისწორდნენ“, – განაცხადა ეკა გაგუამ.

ამ წუთებში ჟურნალისტი და ოპერატორი ხაშურის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.