თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსთან ჟენევის მოლაპარაკებების მთავარი შედეგია ის, რომ ათი წელი ომის გარეშე გავიდა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა. დისკუსიები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარეობს. პირველ ჯგუფში განიხილება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უშიშროებისა და სტაბილურობის საკითხები, მეორეში — ჰუმანიტარული ვითარება და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები.
ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი, აშშ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლები, დისკუსიების თანათავმჯდომარეები კი ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს წარმომადგენლები არიან.
„ათი წლის განმავლობაში მივაღწიეთ იმას, რომ ამ პერიოდმა მეტ-ნაკლებად პროგნოზირებად გარემოში განვლო. ათი წელი გავიდა ომის, მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირების გარეშე. ეს არის მთავარი შედეგი. ისე სწრაფად არა, როგორც ამის სურვილი გვაქვს, მაგრამ მივდივართ ნელა იმისკენ, რომ საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ერთმანეთთან საუბრობენ. გვსურს ეს პირდაპირი დიალოგი უფრო კონსტრუქციული იყოს და მეტი კონკრეტული შედეგი გვქონდეს მოსახლეობისთვის. შესაძლებლობები ამისთვის ნამდვილად არსებობს. პროცესს ხელს უშლის საკითხების ზედმეტი პოლიტიზირება", – განაცხადა კარასინმა.
ამასთან, რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, სადაც თბილისისა და სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლები მსჯელობენ არსებით საკითხებზე. შეხვედრები ადმინისტრაციულ საზღვრებზე - გალში და ერგნეთში იმართება.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმები უნდა გაგრძელდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივაღწევთ ამ მექანიზმის შენარჩუნებას. თუ ჩიხში შევალთ და მუდმივად შექმნილი სტერეოტიპების მსგავს სანქციონირებულ პირთა სიებს ჩამოვეკიდებით, მაშინ წინ ვერ წავალთ", – განაცხადა კარასინმა.
შეხვედრები ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ზედიზედ ჩაიშალა რამდენიმე შეხვედრა როგორც გალში, ისე ერგნეთში.
„შევეცდებით, რომ ვიპოვოთ გზა და მივაღწიოთ კომპრომისს, რომელიც ამ მექანიზმების შენარჩუნებისა და შეხვედრების განახლების შესაძლებლობას მოგცემს", – აღნიშნა კარასინმა.
მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რას ელოდება შემდგომი ათი წლის განმავლობაში.
„რას ვისურვებდი მომავალი ათი წლისთვის? ნაკლები ემოციურობა და სერიოზული ანალიზი იმ შესაძლებლობებისა, რომლებიც ურთიერთობების მოსაგვარებლად არსებობს და გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი. ხალხი უნდა დარწმუნდეს, რომ შედარებით მშვიდად მარტო ისინი არ ცხოვრობენ, რომ მათი შვილები და შვილიშვილებიც მშვიდობიანად იცხოვრებენ", – განაცხადა კარასინმა.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოდან თბილისის გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.
ამ დროისთვის ქვეყნებს შორის დიალოგი შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.