დაგეგმეთ ორსულობა – რისკები, რომელიც სიმთვრალეში ნაყოფის ჩასახვისას არსებობს

ორსულობა და მშობიარობა ერთმანეთისგან განსხვავებული ფაზებია და შეიძლება ფიზიოლოგიურად, ან გადახრებით მიმდინარეობდეს. ორსულობა საკმაოდ რთული პერიოდია ქალის ცხოვრებაში და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს როგორც ქალის, ისე ირგვლივ მყოფთა მხრიდან.
Sputnik

თუმცა არანაკლებ საყურადღებო და მნიშვნელოვანია ჩასახვის წინა პერიოდი. როდესაც წყვილი ბავშვის გაჩენას გადაწყვეტს, სასურველია ორსულობის დადგომამდე გაიაროს სამედიცინო შემოწმება. ქალმა უნდა მიაკითხოს გინეკოლოგს, ხოლო მამაკაცმა – ანდროლოგს, და ჩაიტარონ შესაბამისი გამოკვლევა.

ორსულობის დადგომამდეც და მის შემდეგაც სასურველია წყვილი იკვებებოდეს ჯანსაღად, ვინაიდან კვება და განაყოფიერება ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული პროცესებია, აკონტროლოს წონა, შეზღუდოს კოფეინის მიღება, შეწყვიტოს თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლის მიღება.

მინდა ყურადღება ბოლო პუნქტზე, კერძოდ, ალკოჰოლზე შევაჩეროთ, ვინაიდან ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღებამ შეიძლება ნაყოფის პათოლოგიები გამოიწვიოს.

მეცნიერების მტკიცებით, დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელების მიღება მამაკაცის სპერმის ხარისხზე დიდ გავლენას ახდენს. დედის მიერ ალკოჰოლის მიღება კი საფრთხეს უქმნის უკვე ჩასახულ ნაყოფს, განსაკუთრებით კი ორსულობის პირველ ტრიმესტრში (პირველი 3 თვე). ასე რომ, თუ წყვილი ბავშვის გაჩენას გეგმავს, ალკოჰოლის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს, ან შეამციროს დოზა. უკიდურეს შემთხვევაში, მაქსიმუმ 1-2 ჭიქა უნდა მიიღოს, არაუმეტეს კვირაში ორჯერ, ჭიქის ზომა კი 25 მილილიტრს არ უნდა აღემატებოდეს. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ჭიქის მოცულობასთან ერთად სასმელის გრადუსსაც აქვს მნიშვნელობა.

ორსულობა და მშობიარობა: რას ნიშნავს სრულფასოვანი მშობლის სტატუსი

მედიკოსების განმარტებით, მამაკაცის სპერმა განაყოფიერებამდე რამდენიმე კვირით ადრე წარმოიქმნება, ამიტომ უმჯობესია, მამაკაცმა ალკოჰოლის მოხმარებისგან ორსულობის დადგომამდე რამდენიმე კვირით ადრე შეიკავოს თავი.

როგორც აღვნიშნეთ, სპერმატოზოიდები, რომლებიც სქესობრივ აქტში იღებენ მონაწილეობას, რამდენიმე კვირით ადრე წარმოიქმნებიან და ამიტომ უშუალოდ ჩასახვის მომენტში სიმთვრალე, ნასვამობა ამ მხრივ ნაკლებად საშიშია. ამასთან, დაზიანებულ სპერმატოზოიდს განაყოფიერების გაცილებით ნაკლები შანსი აქვს, ვიდრე ჯანსაღს. თუმცა, ამის მიუხედავად, სავსებით შესაძლებელია ამან გარკვეული გავლენა მოახდინოს ნაყოფის განვითარებაზე. ამის გაკონტროლება უნდა მოხდეს ორსულობის მიმდინარეობაში, ექიმის მეთვალყურეობით. ორსულობის მე-11 კვირიდან შეიძლება ჩატარდეს ნაყოფის გენეტიკური სკრინინგი.

გადაჭრით იმის თქმა, რომ ახალშობილი აუცილებლად რამე სახის პათოლოგიით დაიბადება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება.

ორსულობა და მშობიარობა საქართველოში - ფასები და რჩევები

ჯერ კიდევ ორსულობის დადგომამდე დროული დიაგნოსტიკა, ორსულობის სწორად დაგეგმვა და ამ საკითხის მიმართ პასუხისმგებლობა ჯანმრთელი ოჯახის აუცილებელი პირობა და გარანტიაა.

რაც შეეხება ორსულობის პერიოდს, სწორედ ქალზეა დამოკიდებული, რამდენად ნორმალურად გაივლის ორსულობის პერიოდს და რამდენად ჯანმრთელი ბავშვი მოევლინება ქვეყანას.

ჯანსაღი კვება, რეგულარული ვარჯიში (ექიმის რეკომენდაციით), ხანგრძლივი დასვენება, მშვიდ გარემოში ყოფნა – საწინდარია იმისა, რომ ორსულობის ცხრა თვემ სასიამოვნოდ გაიაროს და ქვეყანას ჯანმრთელი ბავშვი მოევლინოს.