თბილისში სცენოგრაფიის ბიენალეზე სხვადასხვა ქვეყნის მხატვრები შეიკრიბებიან

ძირითადი ღონისძიებების პარალელურად ჩატარდება თეატრალური და ვიზუალური ხელოვნების ახალგაზრდა მოღვაწეთა რეგიონული ფორუმი.
Sputnik

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. სცენოგრაფები და მხატვრები საქართველოდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, უნგრეთიდან და კანადიდან შეიკრიბებიან საერთაშორისო გამოფენაზე „სცენოგრაფთა თბილისის ბიენალე", რომელიც იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში („ქარვასლა") 11-18 ოქტომბერს გაიმართება.

ღონისძიება სამნაწილიანი იქნება: საერთაშორისო გამოფენა, საგანმანათლებლო მასტერ-კლასების სერია („მასტერსლაბ", 12-13 ოქტომბერი) და თეატრალური და ვიზუალური ხელოვნების ახალგაზრდა მოღვაწეთა რეგიონული ფორუმი.

ქართული სცენოგრაფია ბიენალეზე ორი გამოფენით იქნება წარმოდგენილი - ახალგაზრდული პავილიონისა და გოგი მესხიშვილის დიზაინის სკოლის შემოქმედებით, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

თბილისი თეატრალური ფესტივალი GIFT-სთვის ემზადება

„მასტერსლაბის" პროგრამაში წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები ფორუმის მონაწილეებისთვის წაიკითხავენ ლექციებს სცენოგრაფიის, კურატორობის, ბგერისა და შუქის დიზაინის, ვიდეოს, მულტიმედიური ხელოვნებისა და ვიზუალური ინჟინერიის შესახებ.

რეგიონულ ფორუმში დაგეგმილია ახალგაზრდა სცენოგრაფების, არქიტექტორებისა და ტექნიკური პერსონალის პრეზენტაციები და გამოსვლები. ახალგაზრდები არიან საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, სერბეთიდან, რუსეთიდან, ისრაელიდან და ნიდერლანდებიდან.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ბიენალეს მიზანია საქართველოში ახალი საერთაშორისო ფესტივალის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ვიზუალური თეატრალური ხელოვნების სფეროში თანამედროვე ტრენდების შესახებ ინფორმაციის გაცვლას, საერთაშორისო კულტურული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, კულტურათაშორისი დიალოგის გამტკიცებას. ის მიმართული იქნება ახალგაზრდა სცენოგრაფების პროფესიული განვითარების მხარდაჭერისკენ და ახალი მეთოდოლოგიების პრაქტიკაში დანერგვისკენ.

ღონისძიებები გაიმართება „ქარვასლაში", შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, სამხატვრო აკადემიაში.

ღონისძიების ორგანიზატორია ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი და საქართველოს ეროვნული ცენტრი OISTAT.

გამოფენა იმართება თბილისის მერიის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, რუსთაველის სახელობის თეატრის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.