ხელვაჩაურში ახალგაზრდა ქალი ქმარმა და დედამთილმა სცემეს

ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.
Sputnik

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. დედა-შვილის მიერ ქალის ცემის საქმეზე ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი გამოიტანა – რძლის ცემისთვის დედამთილს - მ.ფ.-ს 600 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა, ხოლო ამავე საქმეში ცოლის ცემისთვის და თავში მობილური ტელეფონის ჩარტყმისთვის დ.დ.-ს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, იუწყება გაზეთი „ბათუმელები".

შემთხვევა მიმდინარე წლის ზაფხულში მოხდა.

მამაკაცი 20 წლის გოგონას კბენისთვის ძალადობის ბრალდებით დააკავეს

როგორც გამოძიებით დადგინდა, სიტყვიერი შელაპარაკება თავდაპირველად დედამთილსა და ოჯახში სტუმრად მყოფ რძლის დას შორის დაიწყო. აკვანთან მჯდომმა რძალმა საკუთარი დის გაჩუმება სცადა, რა დროსაც თავს დაესხა დედამთილი და აკვნის ჯოხით სცემა. ქალზე ძალადობა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მოხდა.

დედამთილი აღნიშნულ საქმეში თავს დამნაშევედ არ ცნობს და აცხადებს, რომ ის მხოლოდ თავს იცავდა.

ცოლის ცემის ფაქტს უარყოფს ქმარიც, თუმცა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ქალს სხეულზე ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა. საქმეშია მობილური ტელეფონიც, რომელზეც შეიმჩნევა დაზიანებები, ეკრანი გაბზარულია.

„აკვანთან ვიჯექი, ისინი შელაპარაკდნენ… მე ხელით ვუჯიკე ჩემ დას, გაჩერდი-მეთქი, მაგრამ არ გაჩერდა… ამ დროს დივანზე იწვა ჩემი ქმარი, წამოდგა და გაშლილი ხელი სახეში ორჯერ დამარტყა, მობილური ტელეფონიც ორჯერ ჩამარტყა თავში", – განაცხადა დაზარალებულმა.

მოსამართლე დავით გელაშვილის გადაწყვეტილებით, დაზარალებული ქალის ქმარს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რადგან ის მანამდე ასევე ოჯახში ძალადობისთვის იყო გასამართლებული და პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

რაც შეეხება დედამთილს, მას მოსამართლემ, 600-ლარიან ჯარიმასთან ერთად, 250 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა. თუმცა ჯარიმამ, როგორც უფრო მკაცრმა სასჯელმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა გადაფარა. რძლის ცემისთვის გასამართლებულ დედამთილს მხოლოდ 600 ლარის გადახდა მოუწევს ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქმე 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.