თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია 19-21 ოქტომბერს პირველად უმასპინძლებს ამერიკული კოსმოსური სააგენტო NASA-ს ორგანიზებულ ჰაკათონს, ნათქვამია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (ილიაუნი) ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გლობალური მარათონი 48 საათს გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში მონაწილეებმა უნდა შეიმუშაონ თავიანთი პროექტები, რომელთაგანაც საუკეთესოებს საერთაშორისო ჯილდოზე წარადგენენ.
ჰაკათონი International Space Apps Challenge ყველაზე დიდი მარათონია, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დროს იწყება და დედამიწასა და კოსმოსში არსებული გამოწვევებით დაინტერესებულ ადამიანებს აერთიანებს.
მარათონში მონაწილეობის მღება შეუძლიათ მეცნიერებს, დიზაინერებს, გამომგონებლებს, მშენებლებს, ტექნოლოგებს.
დაინტერესებულმა პირებმა მარათონში მონაწილეობის მისაღებად 16 ოქტომბრამდე ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ. ღონისძიების ორგანიზატორები კანდიდატებს 17 ოქტომბრისთვის დაუკავშირდებიან.