თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. გარდაიცვალა 32 წლის ქართველი მწერალი ანა ლაშხელი ონიანი, რომელიც თურქეთში კუჭის კიბოს ებრძოდა – მან ვერ გადაიტანა ქიმიოთერაპიის პირველი კურსი.
ანა ლაშხელი ონიანი 1986 წლის 31 მარტს დაიბადა. არის სამი წიგნის ავტორი. განსაკუთრებით პოპულარული გახდა მისი ნოველები „აკვანი“, „მეეზოვე“.
ანა, ლიტერატურული საქმიანობის გარდა, ქველმოქმედებითაც იყო დაკავებული. მან დააფუძნა საქველმოქმედო ორგანიზაცია „თბილი სახლი“, რომლის ფარგლებში ეხმარებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და ღარიბ ოჯახებს.
სიკვდილამდე ორი კვირით ადრე ანამ Facebook–ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც საუბრობს თავის დიაგნოზზე და სურვილზე, დაწეროს წიგნი „მე დავამარცხე კიბო“.
„არასოდეს არავინ თქვას არასოდეს... უკვე მჯერა, რომ შეიძლება გაიღვიძო და არსად იყოს ცა, არც მიწა...და მით უმეტეს, ადრინდელი ცხოვრება. 20–დღიანი შოკის, ელდისა თუ ტანჯვის შემდეგ დღეს დიაგნოზი დამისვეს. არ ვიტყვი, რა. იმიტომ, რომ არავისგან არაფერს ველოდები, არც სიბრალულს, არც თანადგომას. ეს მე უნდა გავაკეთო. დღეიდან მე ვარ მთავარი ჩემი თავისთვის, ჩემი ჯანმრთელობისთვის და ჩემი სიცოცხლისთვის. დღეიდან ვიწყებ იმ წიგნის წერას,რომელიც ბევრი ადამიანისთვის სახელმძღვანელო გახდება და გპირდებით, ამ წიგნის პრეზენტაციას მეც დავესწრები. ეს გადამატანინებს რთულ გზას, რომელიც წინ მელოდება. მე არაფრის მეშინია. პირიქით, ვიღებ ამ გამოწვევას ცხოვრებისგან, დავუმტკიცებ ყველას, რომ ერთი გალეული გოგოს უკან ძალიან ძლიერი ადამიანი იმალება. მოვრჩი წუწუნს“, – დაწერა ანა ლაშხელმა ონიანმა.