თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა ხელს უშლის ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმის აღდგენას, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გაზეთ Известия-სთან ინტერვიუში.
დიპლომატის თქმით, სავიზო რეჟიმი საქართველოსთან 2015 წელს გამარტივდა და ამჟამად ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, რუსეთს ეწვიოს.
„პრინციპში, არ გამოვრიცხავთ პერსპექტივაში უვიზო რეჟიმის შემოღებას საერთო საფუძველზე. სხვა საქმეა, რომ ამის პრაქტიკული რეალიზება ჯერ რთულია. ხელს უშლის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა“, – განაცხადა კარასინმა.
მისი თქმით, ამაზე ასევე აისახება „რთული ვითარება მსოფლიოში, რომელიც ხასიათდება ტერორისტული და სხვა საფრთხეების ზრდით, არის არალეგალური მიგრაციის პრობლემა“. „რა თმა უნდა, ეს გასათვალისწინებელია“, – დასძინა მან.
კარასინის განცხადებით, პოლიტიკურ სფეროში საქართველოსთან ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციები ჯერ არ შეინიშნება.
„თბილისი კვლავ არ მოდის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე, განაგრძობს ჩვენთვის მტრულ საქმიანობას საერთაშორისო არენაზე, მონდომებით მონაწილეობს რუსეთის შემაკავებელ ნატოს სტრატეგიაში“, – განაცხადა კარასინმა.
„პირდაპირ ვაფრთხილებთ ქართველ პარტნიორებს, რომ ასეთი საქციელი საფრთხის ქვეშ აყენებს 2012 წელს დაწყებულ ურთიერთობების მოგვარების პროცესს, რომლის ნაყოფსაც დღეს ორივე ქვეყნის მოქალაქეები იმკიან“, – აღნიშნა კარასინმა.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის მერე, მას შემდეგ გაწყვიტა, რაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს, მაგრამ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.
დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში რუსეთსა და საქართველოს შორის კონტაქტები ხორციელდება ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.