წინასაარჩევნო ვნებები – ოპოზიციის რეკლამები კვლავ აკრძალეს

საქართველოს პრეზიდენტობის  ფორმალური კანდიდატები საკუთარ საარჩევნო რეკლამას სხვა კანდიდატის სასარგებლოდ იყენებენ
Sputnik

თბილისი,  6 ოქტომბერი  — Sputnik.  არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“  ოთხი საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო ვიდეორგოლებში დარღვევები გამოავლინა, კერძოდ, თუ როგორ არეკლამებენ ისინი აბსოლუტურად სხვა კანდიდატს, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

საუბარი ეხება ზვიად ბაღდავაძის, მიხეილ ანთაძის, ზვიად იაშვილისა და ზვიად მეხათიშვილის პოლიტიკურ რეკლამებს, რომლებიც  ვიდეორგოლების გამო პირველად არ აღმოჩენილან კრიტიკის ობიექტი.  

ოდა გულგრილი ამომრჩევლისთვის – რას გვპირდებიან პრეზიდენტობის კანდიდატები

ამ კანდიდატების ადრინდელი რეკლამების  ტრანსლირება კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ აკრძალა. ეს ვიდეოები  მათი კონკურენტის – სალომე ზურაბიშვილის ანტირეკლამას წარმოადგენდა, რომელსაც მმართველი პარტია უჭერს მხარს.

ბაღდავაძეს, ანთაძეს, იაშვილსა  და მეხათიშვილს არასდროს დაუმალავთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში რეგისტრაცია ფორმალურად გაიარეს, იმისთვის, რომ ოპოზიციურ გაერთიანებას  „ძალა ერთობაშია“  ჰქონოდა უფრო მეტი უფასო საეთერო დრო და ადგილი საარჩევნო კომისიებში. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გრიგოლ ვაშაძეა.

 „ოთხი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის უფასო რეკლამები თავიანთი შინაარსით, ფაქტობრივად, პრეზიდენტობის ერთი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის რეკლამას წარმოადგენს. ასეთი ქმედება გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ გაღებულ შემოწირულებად უნდა ჩაითვალოს, ქართული კანონმდებლობით კი ამის უფლება პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

ვაშაძე ან პირდაპირ ჩანს ამ რეკლამებში, ან ყოველი რეკლამის ბოლოს, რეკლამის დამკვეთთან ერთად ჩნდება წარწერა, სადაც ვაშაძის სახელი, გვარი და საარჩევნო ნომერია მითითებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციამ სახელმწიფო აუდიტს და კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას აღნიშნული საკითხის შესწავლისკენ და შესაბამისი ზომების გატარებისკენ მოუწოდა.

 „იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ ეს ოთხი საარჩევნო სუბიექტი არაკანონიერი შემომწიველები არიან,  მსგავსი რეკლამების ტრანსლირება უნდა იქნას აკრძალული“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. პოლიტიკური რეკლამების განთავსება მხოლოდ ამ დღეს იკრძალება.