თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საცხოვრებელი კომპლექსის, „დრიმ თაუნის“ დაცვის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი პარასკევს, გვიან ღამით მოხდა.
თვითმხილველების თქმით, დაჭრას წინ უძღოდა შელაპარაკება დაცვის თანამშრომელსა და ადგილობრივ მცხოვრებს შორის. როგორც ირკვევა, დაცვის თანამშრომელმა უფლება არ მისცა კომპლექსის მცხოვრებს, გაეჩერებინა ავტომობილი იქ, სადაც სურდა.
შელაპარაკება ცივი იარაღის გამოყენებაში გადაიზარდა. 19 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ყელისა და შუბლის არეში სამი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.
შსს-ის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.