ძლიერი ქარი თბილისში – გლდანში ავტომობილს ხე დაეცა

ქარმა დააზიანა ავტომობილები, წააქცია ხეები, სახლს სახურავი მოხადა.
Sputnik

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. გლდანში ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულმა ხემ ორი ავტომობილი დააზიანა, ისანი-სამგორის რაიონში კი ერთი ავტომობილი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის უწყებაში შესულია ათი შეტყობინება, ყველაზე მეტი – გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან. გლდანში დღეს, დილით ხის წაქცევის შედეგად სხეულის მცირე დაზიანებები მიიღო ქუჩაში ქვეითად მოსიარულე ერთმა მოქალაქემ. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ძლიერმა ქარმა თემქის დასახლებაში ერთ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში დღეს ძლიერი ქარია მოსალოდნელი. კერძოდ, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონსა და თბილისში ქარის სიჩქარე წამში 20-25 მეტრს მიაღწევს, დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე წამში 20 მეტრი იქნება.