ინტერპოლის გაუჩინარებული პრეზიდენტი იპოვეს

ინტერპოლის 64 წლის პრეზიდენტმა მენ ჰუნვეიმ საფრანგეთი 29 სექტემბერს დატოვა.
Sputnik

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ინტერპოლის პრეზიდენტი მენ ჰუნვეი ჩინეთში, სადაც იგი სამოგზაუროდ იმყოფებოდა და სადაც გაუჩინარდა, გამოძიების ქვეშ იმყოფება, იუწყება РИА Новости South China Morning Post-ზე დაყრდნობით.

რა კავშირია ინტერპოლსა და საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკავებულ პირს შორის

ინტერპოლის პრეზიდენტის გაუჩინარების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მისმა მეუღლემ ამის შესახებ საფრანგეთის პოლიციას შეატყობინა. იგი შვილებთან ერთად ლიონში ცხოვრობს, სადაც ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს.

"დისციპლინარული უწყების წარმომადგენლებმა 64 წლის ჩინოვნიკი, რომელიც ასევე არის ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე, დაკითხვაზე მას შემდეგ წაიყვანეს, რაც იგი საფრანგეთიდან ჩინეთში გასულ კვირაში ჩამოვიდა", - წერს გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, რა გამოძიება მიმდინარეობს და სად იმყოფება იგი.

ამასთან, საფრანგეთის ხელისუფლებამ ინტერპოლის პრეზიდენტის გაუჩინარების ფაქტის გამოძიება თავადაც დაიწყო, იუწყება რადიოსადგური Europe 1.

მენ ჰუნვეიმ საფრანგეთი 29 სექტემბერს დატოვა, მას შემდეგ მასთან კონტაქტი არავის ჰქონია.