საქართველოს მოქალაქეებისთვის ბაჰრეინის სამეფოში სავიზო რეჟიმი გამარტივდა

ბაჰრეინის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსასვლელად გამარტივებული სავიზო რეჟიმი მოქმედებს.
Sputnik

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ბაჰრეინის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმი გაამარტივა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ბაჰრეინის სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გამარტივდა, რაც ელექტრონული ვიზით მოგზაურობას ან საზღვარზე ვიზის მიღების უფლებას გულისხმობს.

საქართველოსა და ბაჰრეინის სამეფოს შორის ტურიზმის სფეროს განვითარება იგეგმება

აღნიშნულ საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ბაჰრეინის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეიხ ალ ხალიფა მიმდინარე წლის 27 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

„საქართველოს მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვან განვითარებას და თანამშრომლობის გააქტიურებას ტურიზმისა და ინოვაციების სექტორში", – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის ბაჰრეინთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებაზე.

აღსანიშნავია, რომ ბაჰრეინის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსასვლელად გამარტივებული სავიზო რეჟიმი მოქმედებს.

საქართველოსა და ბაჰრეინის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 10 მაისს დამყარდა. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი.