ევროპის საჭადრაკო კავშირს კვლავ ზურაბ აზმაიფარაშვილი უხელმძღვანელებს

აზმაიფარაშვილი, რომელიც ECU-ს 2014 წლიდან უდგას სათავეში, ორგანიზაციას 2022 წლამდე უხელმძღვანელებს.
Sputnik

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო საჭადრაკო ოლიმპიადაზე ფიდეს 89-ე კონგრესის ფარგლებში გამართულ ევროპის საჭადრაკო კავშირის (ECU) პრეზიდენტის არჩევნებზე ზურაბ აზმაიფარაშვილი ხელმეორედ აირჩიეს.

ზურაბ აზმაიფარაშვილი ერთადერთი კანდიდატი იყო აღნიშნულ პოსტზე. 55 დელეგატიდან მას 44-მა დაუჭირა მხარი. ოთხი ბიულეტენი ცარიელი იყო, ორი კი გაბათილდა.

ბათუმში ფიდეს ახალი პრეზიდენტი აირჩიეს

ასე რომ, აზმაიფარაშვილი, რომელიც ECU-ს 2014 წლიდან უდგას სათავეში, ორგანიზაციას 2022 წლამდე უხელმძღვანელებს.

შედეგების გამოცხადების შემდეგ აზმაიფარაშვილმა მხარდაჭერისთვის დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თავის გუნდთან ერთად ერთგული დარჩება დევიზის – „გასაკეთებელი კიდევ ბევრია".

„დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი ოთხი წელი განვლილზე უკეთესი იქნება და ჩვენ შევძლებთ ევროპული საჭადრაკო კავშირი ახალ სიმაღლეებზე ავიყვანოთ. ჩვენ ბევრი გამოწვევა გვაქვს, მაგრამ ჩემ გვერდით არიან ადამიანები, რომლებთან ერთადაც შეუძლებელია არ მიაღწიო წარმატებას", – განაცხადა აზმაიფარაშვილმა.

ზურაბ აზმაიფარაშვილი – ყოფილი საბჭოთა და ქართველი მოჭადრაკე, გროსმაისტერი (1988), ევროპის ჩემპიონი (2003), ფიდეს დამსახურებული მწვრთნელი (2004). 2014 წელს ნორვეგიაში ECU-ს პრეზიდენტად აირჩიეს.