თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

თელავის გარდა კონცერტები ჩატარდება ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ–მუზეუმში
Sputnik

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. თელავი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალზე მუსიკოსების მსფოლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შეიკრიბებიან, იუწყებიან ორგანიზატორები.

ფესტივალი კახეთში 4–13 ოქტომბერს გაიმართება. მსმენელის წინაშე წარდგებიან გამოჩენილი პიანისტები ელისო ვირსალაძე, ბორის ბერეზოვსკი, ალექსანდრე კორსანტია და ახალგაზრდა პიანისტი დანიელ პეტრიკ ჩობანუ.

გარდა ამისა, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ 14 წლის რუსი მევიოლინე მატვეი ბლიუმინი, რომელსაც ვუნდერკინდს უწოდებენ, ვიოლონჩელისტების საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, ახალგაზრდა თაობის ერთ–ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი ალექსანდრ რამი და ბრუნო ფილიპი. 

საფესტივალო ორკესტრს, რომლის შემადგენლობაში თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სიმფონიეტასთან“ ერთად უცხოეთიდან მოწვეული მუსიკოსები და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მუსიკოსები იქნებიან, ცნობილი დირიჟორი არიელ ცუკერმანი უხელმძღვანელებს.

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სიმფონიეტა“ ასევე გამართავს კონცერტს, რომელიც 10 წლის იუბილეს მიეძღვნება.

თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში კონცერტს გამართავს „ალტერ ორკესტრი“ მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით.

წინანდლის პარკის ტერიტორიაზე სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის კვარტეტი „იბერი“ დაუკრავს.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, გამოჩენილი მუსიკოსები მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მასტერ–კლასებსაც ჩაატარებენ.

ფესტივალის პროგრამა დაწვრილებით იხილეთ ღონისძიების Facebook–გვერდზე.