ვინ მიიღებს მილიარდებს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან

2019  წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფაა.
Sputnik

თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ პარლამენტში 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შეიტანა.

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ბიურომ საპარლამენტო კომტეტებში დოკუმენტის განხილვის გრაფიკი დაამტკიცა, რომლის თანახმად, კანონპროექტი მთავრობას დეპუტატების შენიშვნებისა და რეკომენდაციების გასათვალისწინებლად 20 ოქტომბერს დაუბრუნდება. კანონპროექტის გადამუშავებული საბოლოო ვარიანტი კი პარლამენტში ნოემბერში შევა და მიმდინარე წლის ბოლოდე უნდა იქნას დამტკიცებული. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთაური საქართველოში გატარებული რეფორმებით კმაყოფილია

კანონპროექტის თანახმად, ბიუჯეტის ძირითადი მიზანი სამთავრობო პროგრამის „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ შესრულების უზრუნველყოფაა. აქედან გამომდინარე, ბიუჯეტით გათვალისწინებული მთავარი პრიორიტეტებია ქვეყნის მოსახლეობის სოციალური დაცვის ურუნველყოფა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.

სახელმწიფო ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის კონსერვატიული სცენარითაა გათვლილი

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ქვეყანაში მოსალოდნელზე მეტი ეკონომიკური აქტივობის გამო აგვისტოში საქართველოში მშპ-ის ზრდა 4,8%-დან 5%-მდე გაზარდა. ფონდის პროგნოზი 2019 წლისთვის 4,8%-ს შეადგენს.

თუმცა, მთავრობამ გადაწყვიტა უფრო კონსერვატიულად მიუდგეს მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკური ვითარების შესაძლო გაუარესებიდან გამომდინარე, ქართულ პროდუქციასა და მომსახურებაზე მოთხოვნა შეიძლება დაქვეითდეს, რაც ნეგატიურად აისახება საქართველოში წარმოებაზე.

კანონპროეტის მიხედვით, 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,5%-იანი მაჩვენებლით განისაზღვრა. ამასთან, მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 2019 წელს 3,5%-ს შეადგენს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტმა არ უნდა გადააჭარბოს 2,8%-ს მშპ-თან მიმართებით.

მომავალ წელს ნომინალური მშპ-ის მოცულობა 45,1 მილიარდი ლარის დონეზე იგეგმება.

სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები დაგეგმილია 12,6 მილიარდი ლარის ოდენობით, მათ შორის, შემოსავლების პროგნოზი 10,3 მილიარდი ლარია. 

საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპებმა იკლო

სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 9,6 მილიარდი ლარი უნდა შეადგინოს, გრანტებმა – 266,7 მილიონი ლარი და სხვა შემოსავლებმა – 450 მილიონი ლარი.

როგორ გადანაწილდა ბიუჯეტიდან სახსრები

კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 12,7 მილიარდი ლარის მოცულობით განისაზღვრა, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრები – 11,3 მილიარდი ლარი, დონორების მხრიდან დაფინანსება – 1,5 მილიარდი ლარი.

2019 წელს უფრო მეტ დაფინანსებას მიიღებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რეგიონულ განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 239,5 მილიონი ლარით გაიზრდება და 3,9 მილიარდ ლარს, ანუ ასიგნებების საერთო მოცულობის 30,3%-ს შეადგენს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 139,8 მილიონი ლარით გაიზრდება და დაახლოებით ორი მილიარდი ლარი იქნება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი კი 23,7 მილიონი ლარით გაიზრდება და 1,5 მილიარდი ლარი იქნება.