საქართველო EBRD-თან ახალი ავტობუსების შეძენის საკითხს განიხილავს

საქართველოს ხელისუფლებას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კრედიტის იმედი აქვს, რათა თბილისისთვის ახალი ავტობუსები შეიძინოს.
Sputnik

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება გაზზე მომუშავე ავტობუსების შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს იწყებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), განაცხადა ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კრედიტის ოდენობა ზუსტდება.

„ეგრეთ წოდებული ყვითელი ავტობუსები ჩანაცვლდება ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით. ნაწილი იმუშავებს ბუნებრივ აირზე, ნაწილი კი იქნება ელექტრო. დღეს ფინანსთა სამინისტრო იწყებს მოლაპარაკებებს EBRD-თან, რათა გამოიყოს სესხი ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსების შესაძენად. ასევე ვიმედოვნებთ, რომ სულ მალე დავიწყებთ მოლაპარაკებებს ერთ-ერთ დონორთან ელექტროავტობუსების შეძენაზე. ამ ეტაპზე ზუსტდება სესხის რაოდენობა", – განაცხადა მაჭავარიანმა.

„ღამის ავტობუსში“ მგზავრებს სკამებზე წიგნები დახვდებათ

ავტობუსების პარკის განახლება თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ქალაქის ხელისუფლება აპირებს 2019 წლის ბოლომდე მთლიანად შეცვალოს ამორტიზებული ავტობუსები, ხოლო 2020 წლისთვის ავტობუსების რაოდენობა 900-მდე გაზარდოს.

უფრო ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ 2018 წლის ბოლომდე თბილისში 90 ახალ ავტობუსს ჩამოიყვანენ.

მერიისთვის ავტობუსების მიწოდების ტენდერში კომპანია Tegeta Truck & Bus-მა გაიმარჯვა. შეთანხმების საერთო ღირებულება 45 მლნ ლარია.

ამჟამად თბილისს 600-650 ავტობუსი ემსახურება. აქედან 143 MAN-ის მარკის ახალი ავტობუსია. ისინი ეკოლოგიურად უფრო სუფთაა და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

თბილისის ავტობუსებს დღეში საშუალოდ 109,5 ათასი მგზავრი გადაჰყავთ.