თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ყველაზე მეტი შემოწირულობა სექტემბერში მიიღეს პარტიებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" და პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. შემოწირულობის მაქსიმალური დასაშვები რაოდენობაა 60 ათასი ლარი ფიზიკური პირისგან და 120 ათასი ლარი – იურიდიული პირისგან.
შემოწირულობების საერთო თანხამ სექტემბერში 930 ათას ლარს გადააჭარბა. აქედან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის მონაცემებით, ნახევარზე ცოტა ნაკლები, დაახლოებით 443 ათასი ლარი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო.
მეორე ადგილზეა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი – 332 ათასი ლარი.
სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭირა მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო". პარტიის ლიდერებმა მომხრეებს ზურაბიშვილის მატერიალური მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. შედეგად, თავად მმართველმა პარტიამ სექტემბერში მხოლოდ 20 ლარი მიიღო შემოწირულობის სახით.
მესამე ადგილი დაიკავა ოპოზიციურმა პარტიამ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის". მან შემოწირულობის სახით 91 ათასი ლარი მიიღო.
პარტიებისა და პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატების შემოწირულობები:
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 442 691 ლარი
- სალომე ზურაბიშვილი - 332 245 ლარი
- „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - 91 196 ლარი
- „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო" - 35 000 ლარი
- ბესარიონ თედიაშვილი - 13 000 ლარი
- „თავისუფალი დემოკრატები" - 9 700 ლარი
- „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი" - 4 600 ლარი
- „თავისუფალი საქართველო" - 1 010 ლარი
- „ეროვნული ფორუმი" - 350 ლარი
- კახაბერ ჭიჭინაძე - 200 ლარი
როგორც შემოწირულობების ანალიზმა აჩვენა, პრეზიდენტობის 25 კანდიდატიდან არჩევნებისთვის შემოწირულობას მხოლოდ ათი იღებს. დანარჩენები წინასაარჩევნო კამპანიას საკუთარი ძალებითა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებით უძღვებიან.