ნანა ძაგნიძე ქალთა შორის 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეა

გასულ წელს ქართველი მოჭადრაკე ევროპის ჩემპიონი და ბლიცში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
Sputnik

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე ქალთა შორის 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკედ აღიარეს, ნათქვამია ფიდეს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

გადაწყვეტილება ფიდეს სპეციალურმა კომისიამ მიიღო, რომლის სხდომაც ბათუმში გაიმართა, სადაც რიგით 43-ე საერთაშორისო საჭადრაკო ოლიმპიადა იმართება.

ასევე დასახელდა 2016 წლის საუკეთესო მოჭადრაკე ქალი, იგი უკრაინელი ანა მუზიჩუკი გახდა.

2017 წელს ნანა ძაგნიძეს საუკეთესო შედეგები ჰქონდა. მან საუდის არაბეთში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო ბლიცში, რიგაში გამართულ ტურნირზე ქალთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა და ამასთანავე კრეტაზე ევროპის გუნდურ ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ვერცხლი მოიპოვა.

ნანა ძაგნიძე საერთაშორისო საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა პირველ ნაკრებში გამოდის. ექვსი გამართული ტურის შემდეგ საქართველოს გუნდი მეორე ადგილზეა და პირველობას მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით უთმობს აშშ-ის გუნდს.