თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ჩვენ ყველა ის პოლიტიკოსი გვესიმპათიურება, ვინც ესიმპათიურება ქართველ ამომჩეველს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.
საქართველოში საპრეზიდენტო აჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდება. სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის 25 კანდიდატი იბრძვის. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს.
„კანდიდატების უმრავლესობა ჩვენთვის ცნობილია. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ატმოსფეროს, რომლის პირობებშიც მიმდინარეობს საპრეზიდენტო კამპანია. იმედი მაქვს, რომ კამპანია მხოლოდ ანტირუსულ ტალღაზე არ იქნება აგებული. რაც შეეხება კანდიდატებს, ჩვენ ყველა ის პოლიტიკოსი გვესიმპათიურება, ვინც ესიმპათიურება ქართველ ამომჩეველს", – განაცხადა კარასინმა.
კარასინმა ამის შესახებ პრაღაში განაცხადა, სადაც რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მიმდინარეობს.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.
დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში რუსეთსა და საქართველოს შორის კონტაქტები ხორციელდება ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.
კარასინისა და აბაშიძის ბოლო შეხვედრა მიმდინარე წლის მაისში გაიმართა.