„თბილისობა 2018“ – დღესასწაულის თარიღი და შეზღუდვები ქუჩებში

კახა კალაძის განცხადებით, ამიერიდან დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას დამკვიდრდება.
Sputnik

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით 6-7 ოქტომბერს საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ელბაქიძის აღმართიდან რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ვიდეოხიდი თბილისი-მოსკოვი: „თბილისობა" საქართველოსა და რუსეთის დედაქალაქებში

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, „თბილისობის“ დღეებში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს მხოლოდ კოსტავას ქუჩაზე, ფილარმონიის მიმართულებით.

„აღნიშნული შეზღუდვა „თბილისობის“ დასრულებამდე გაგრძელდება“, — ნათქვამია სამინისტროს ვებ-გვერდზე.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „თბილისობა 2018“ 6-7 ოქტომბერს გაიმართება და ამიერიდან დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას დამკვიდრდება. 

„თბილისობის“ დღესასწაული პირველად 1979 წელს აღინიშნა ცნობილი ქართველი მოგზაურის, ეთნოგრაფისა და ჟურნალისტის გვანჯი მანიას ინიციატივით.

1989-1994 წლებში ქვეყანაში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო „თბილისობა“ არ ჩატარებულა.