თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. თბილისის მეშვიდე საქველმოქმედო მარათონი (Tbilisi Marathon), რომელიც ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში გაიმართა, დასრულდა.
მარათონი დილის 09:00 საათზე დაიწყო და სამ საათს გაგრძელდა. ღონისძიებაში მონაწილეობდა დაახლოებით 2,8 ათასი ადამიანი, აქედან 500 ბავშვი, მსოფლიოს 50–მდე ქვეყნიდან.
გარბენი შესრულდა როგორც მოკლე, ისე გრძელ დისტანციაზე. მოკლე, ათკილომეტრიან დისტანციაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა ლუკა გოგოლიშვილმა. მან მანძილი 33 წუთში დაფარა. ქალთა შორის საუკეთესო შედეგი ჰქონდა ნათია მაჭავარიანს – მან დისტანცია 42 წუთში გაირბინა.
გრძელ დისტანციაზე მამაკაცთა შორის საუკეთესო შედეგი ჰქონდა დავით ხარაზიშვილს, ხოლო ქალთა შორის ფინიშთან პირველი უკრაინელი ოქსანა აიკოლი მივიდა.
„ამ ტრასისთვის ეს კარგი შედეგია. ჩემთვის ცოტა რთული იყო, მაგრამ აქ სასიამოვნო ატმოსფეროა. ბევრი ადამიანია და ყველა მხარს გიჭერს. მიხარია, რომ თბილისში ვიმყოფები. ყველაფერი ძალიან ლამაზია. ტურისტის სტატუსით ჩამოვედი, მაგრამ სპორტულ ღონისიებაში მონაწილეობა გადავწყვიტე და გავიმარჯვე“, – განაცხადა აიკოლმა.
ევროპის სპორტის კვირეულს საქართველო პირველად შეუერთდა.