რა მანევრების ჩაბარება ევალებათ მართვის მოწმობის აღების მსურველებს

თუ  კანდიდატი 30 დღის განმავლობაში  ვერ მოახერხებს პრაქტიკული  გამოცდის ჩაბარებას, თეორიულ გამოცდაზე თავიდან მოუწევს გასვლა.
Sputnik

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად სხვადასხვა მანევრების ჩაბარებაა სავალდებულო, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

იმისათვის, რომ პრაქტიკულ გამოცდაზე დაიშვას, ნებისმიერი კატეგორიის მართვის მოწმობის მსურველს უნდა ჰქონდეს ჩაბარებული თეორიული გამოცდა. შემდგომი 30 დღის განმავლობაში კანდიდატს შეუძლია პრაქტიკული ნაწილის გამოცდაზე შვიდ დღეში ერთხელ გავიდეს. 

თაღლითობა მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარებისას: დაკავებულია სამი პირი

უწყების ცნობით, შეზღუდვა იხსნება ფასიან გამოცდაზე გასვლის შემთხვევებში.

პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია როგორც მექანიკური გადაცემათა კოლოფის ავტომობილებზე, ისე ავტომატურზე.

თუ  კანდიდატი 30 დღის განმავლობაში  ვერ მოახერხებს პრაქტიკული  გამოცდის ჩაბარებას, თეორიული ნაწილის ჩაბარება თავიდან მოუწევს.  

სააგენტოს ცნობით, პრაქტიკული გამოცდის დაწყებამდე მძღოლობის ნებისმიერ კანდიდატს ენიჭება 100 ქულა.  საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კანდიდატს აკლდება საჯარიმო ქულები.

პრაქტიკული გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ მძღოლობის კანდიდატი არ დააგროვებს 39-ზე მეტ საჯარიმო ქულას.

მომსახურების სააგენტო  განმარტავს, თუ რა მანევრების ჩაბარებაა სავალდებულო თოთოეული კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად.

კერძოდ, „A" კატეგორიის, აგრეთვე „A1 და B1" ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია ჩააბაროს შემდეგი ელემენტები:

  • რვიანი;
  • ზიგზაგი;
  • საგაბარიტო წრეში მობრუნება (მხოლოდ "A კატეგორიისა და A1" ქვეკატეგორიისათვის);
  • შეზღუდული სიგანის შემოსაბრუნებელი უბანი“ (მხოლოდ "B1" ქვეკატეგორიისათვის);

„B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია ჩააბაროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პარალელური პარკირება;
  • ზიგზაგი;
  • შეზღუდული სიგანის შემოსაბრუნებელი უბანი(მოძრაობის მიმართულების შეცვლა):
  • უკუსვლით პარკირება“ (ბოქსში ავტომობილის უკუსვლით დაყენება);
  • რვიანი;
  • აღმართიანი უბანი“ („აღმართი“);

„BE, C, CE, D და DE" კატეგორიის, აგრეთვე „C1, C1E, D1 ან D1E"  ქვეკატეგორიის მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატმა უნდა გაიაროს შემდეგი ელემენტები:

  • უკუსვლით პარკირება;
  • აღმართიანი უბანი (აღმართი);
  • პლატფორმასთან უკუსვლით დაყენება;

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ მართვის მოწმობის თეორიული ნაწილს ემატება ეკო-მართვის შესახებ საგამოცდო ტესტები — 51 საკითხი, და ბილეთების საერთო რაოდენობა 1792-მდე გაიზრდება.

რაც შეეხება მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკულ გამოცდას, ცნობილია, რომ 2018 წლის ბოლომდე დაინერგება მისი ორ ეტაპად ჩატარება — სპეციალურ მოედანზე და ქალაქში. ამჟამად პრაქტიკული გამოცდა მხოლოდ სპეციალურ მოედანზე ტარდება.