ვისთან მიდიოდა „ქურდული ობშიაკი“ – შსს–მ დანაშაულებრივი სქემა გახსნა

დაკავებულები  „ლავას ოღლისა“ და ჯეირან კინწურაშვილის დავალებით მოქმედებდნენ
Sputnik

თბილისი,  29 სექტემბერი  — Sputnik.  შსს–ს თანამშრომლებმა თბილისში, ქუთაისსა და წალკაში ორგნიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ექვსი წევრი დააკავეს, რომლებსაც ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს“ წევრობა და  მხარდაჭერა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ  „კანონიერმა ქურდმა“ მინდია გორაძემ მეტრახელად „ლავას ოღლიმ“ და ჯეირან კინწურაშვილმა თურქეთში მიმდინარე წლის მაისში  ამ ეტაპზე უკვე დაკავებულ მ.დ.–ს  „მაყურებლის“ სტატუსი მიანიჭეს და წალკის რაიონში „ქურდული ობშიაკის“ შეკრების ორგანიზება დაავალეს. 

საქართველოში დანაშაულის რაოდენობა იზრდება - შსს-ს ბოლო სტატისტიკა

ამ მიზნით მ.დ.–მ უკვე დაკავებულ  თ.ვ.–თან ერთად „ქურდული სხოდკა“ მოაწყო, რომელზეც განაცხადა რომ „ქურდულ ობშიაკში“ თანხის შეტანა ყოველი თვის 10 რიცხვში მოხდებოდა, ხოლო ისინი, რომელთაც ხელფასი ბანკში ერიცხებოდათ, თანხა ხელფასის ჩარიცხვის მეორე დღეს უნდა შეეტანათ.

გამოძიების მონაცემებით, 2018 წლის ივნისში, ივლისსა და აგვისტოში დაკავებულმა პირებმა წალკის რაიონის მოსახლეობისგან მთლიანობაში გარკვეული თანხა შეაგროვეს. აღნიშნული თანხის ნაწილი  „კანონიერი ქურდის“, ჯეირან კინწურაშვილის გადაწყვეტილებით და მ.დ.-ს მითითებით, საფრანგეთში მყოფი „კანონიერი ქურდის“ - გიორგი ფოლადაშვილის (მეტსახელად „სინკარა“) დედას გადაერიცხა.

დაკავებულთა საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო  „ქურდული ობშიაკის“ სია.  გარდა ამისა, სამართალდამცველებმა  ამოიღეს  ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

გამოძიება სსკ–ის სამი მუხლით – „ქურდული სამყაროს წევრობა“, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“ და „ქურდული სამყაროს მოღვაწეობის მხარდაჭერა“ – მიმდინარეობს.