ვარძიაში „შოთაობას“ ზეიმობენ

„შოთაობა 2018“-ის საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფელ რუსთავსა და დაბა ასპინძაში, შოთა რუსთაველის ძეგლი ყვავილებით შეამკეს.
Sputnik

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik.  ასპინძის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „შოთაობა 2018″-ს ზეიმობენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საზეიმო ღონისძიება ვარძიის ისტორიული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიება ასპინძის თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა.

სამცხე-ჯავახეთი: შოთა რუსთაველის სამშობლო

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საზეიმო კონცერტი, სადაც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა შემოქმედებითმა ჯგუფებმა, მოეწყო ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა, ასევე გაიმართა შეჯიბრი მკლავჭიდში, ჭიდაობასა და ქვის აზიდვაში.

მოწვეულმა სტუმრებმა შოთა რუსთაველი გაიხსენეს, გაეცნენ ადგილობრივი ანსამბლების შემოქმედებას და მესხური კერძები დააგემოვნეს.

ასპინძის მუნიციპალიტეტში პოეზიის სახალხო დღესასწაული 1966 წლიდან აღინიშნება. ვარძიაში კი „შოთაობა"  მესამედ გაიმართა.