ვინ წარადგენს საქართველოს „ევროვიზია 2019"-ზე

საქართველო სიმღერის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საერთაშორისო კონკურსისთვის წინასწარ მოემზადება.
Sputnik

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. თბილისში ემზადებიან „ევროვიზია 2019"-ზე ქვეყნის წარმომადგენლის შესარჩევად – საქართველოს სახელით ყოველწლიურ საერთაშორისო კონკურსზე ვოკალური ტელეპროექტის „საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული გამოვა.

მუსიკალური მეგაშოუ, რომელიც ცნობილი ბრიტანული კონკურსის Pop Idol ანალოგი იქნება, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში 2019 წლის იანვარში გავა. პროექტს განახორციელებს კომპანია „ნოვა პროდაქშენსი".

მუსიკა იმარჯვებს თუ პოლიტიკა: საქართველოს წარუმატებლობის მიზეზი ევროვიზია 2018-ზე

ტელეშოუსთვის მონაწილეების შერჩევა მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 16 წელს ზემოთ შემსრულებლებსა და ანსამბლებს.

შერჩეული კანდიდატები „საქართველოს ვარსკვლავის" მონაწილე გახდებიან. შედეგად, ათი საუკეთესო შემსრულებლიდან ჟიური და ასევე მაყურებელი უძლიერეს კანდიდატს შეარჩევს, რომელიც „ევროვიზიაზე" გაემგზავრება.

„ევროვიზია 2019" თელ-ავივში 14, 16 და 18 მაისს გაიმართება.

გასულ წელს საქართველოს კონკურსზე წარმოადგენდა ეთნო-ჯაზ-ჯგუფი Iriao, თუმცა ის კონკურსის ფინალში ვერ გავიდა.