თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ომბუდსმენის ახალი სტრატეგიის თანახმად, იგი ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების ანალიზს დიდ ყურადღებას დაუთმობს.
ომბუდსმენი ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების მექანიზმის ამოქმედებას დადებითად აფასებს>>>
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 2019-2021 წლების მუშაობის ახალი სტრატეგია წარმოადგინა, რომლის თანახმად, სრულად იცვლება სახალხო დამცველის აპარატის მუშაობის პრიორიტეტები.
ქეყანაში სახალხო დამცველის აპარატი 1997 წლიდან არსებობს, რომლის ფუნქციებშიც შედის ადამიანის უფლებების დაცვის კონტროლი და სახელმწიფო სტრუქტურებისთვის რეკომენდაციების შემუშავება.
„მუშაობის დროს სამი ძირითადი ამოცანა გამოიკვეთა – ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევების პრაქტიკული გამოვლენის მიმართულებით ჩვენი საქმიანობის გააქტიურება, ასევე რეაგირების თვალსაზრისით ჩვენი საქმიანობის ხარისხის ეფექტურობის გაზრდა და პრევენციული მიმართულებით საქმიანობის გაძლიერება", – განაცხადა ლომჯარიამ.
მისი სიტყვებით, ომბუდსმენის აპარატი არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ განცხადებებითა და ანგარიშებით.
„ჩვენ გვინდა ჩვენი საქმიანობა უფრო აქტიური გავხადოთ, რათა ჩვენ დარღვევებზე არა მარტო მივიღოთ ინფორმაცია, არამედ თავადაც გამოვავლინოთ ისინი... ჩვენ უნდა მოვძებნოთ გზები, რათა მოქალაქეებმა ჩვენი დახმარებით მათი უფლებების დარღვევის აღმოფხვრა შეძლონ", – აღნიშნა ლომჯარიამ.
ომბუდსმენის აპარატის მუშაობის კიდევ ერთი მიმართულება გახდება შიდა საქმისწარმოების განვითარება, რათა შემცირდეს ბიუროკრატია.
ახალი სტრატეგიის თანახმად, სახალხო დამცველი დიდ ყურადღებას დაუთმობს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების ანალიზს, მის ანგარიშებშიც უფრო მეტი ანალიზი იქნება.