ქართულად გაეროს ტრიბუნიდან: ბახტაძემ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას მიმართა

ბახტაძემ მოუწოდა საქართველოს ორივე რეგიონის მოსახლეობას, ისარგებლონ იმ სიკეთით, რასაც მათ საქართველოს მთავრობა სთავაზობს.
Sputnik

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე ქართულ ენაზე სიტყვით გამოსვლისას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობასთან მეგობრული ურთიერთობისკენ მოუწოდა.

„დღეს ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს: საქართველოს თითოეული წარმატება თქვენი წარმატებაა, ჩვენ საუკუნოვანი ისტორიული წარსული გვაკავშირებს, რომელიც საფუძვლად უნდა დავუდოთ ჩვენს მომავალს, რაც, დარწმუნებული ვარ, მოგვიტანს მშვიდობასა და კეთილდღეობას. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, დაიცვას თავისი ყველა მოქალაქის უფლება, და ჩვენ ამას შეუქცევადად და მიზანმიმართულად ვახორციელებთ“, — განაცხადა ბახტაძემ.

მან მოუწოდა საქართველოს ორივე რეგიონის მოსახლეობას, ისარგებლონ იმით, რასაც მათ საქართველოს მთავრობა სთავაზობს.

„თქვენ უნდა ისარგებლოთ ყველა იმ სიკეთით, რაც საქართველომ შექმნა, იქნება ეს ადამიანის უფლებები, განათლება, ჯანდაცვა, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა თუ სხვა. მინდა მივმართო განსაკუთრებით ახალგაზრდებს: ჩენ ერთად, ერთობლივი მონდომებით უნდა მივაღწიოთ საერთო წარმატებას. ჩვენ ჩვენი მომავალი მხოლოდ თქვენთან ერთად წარმოგვიდგენია“, — აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ბახტაძემ ასამბლეის მონაწილეებს შეახსენა, რომ ხელოვნური ბარიერები ხელს უშლის ურთიერთობებს.

„დღეს, XXI საუკუნეში, როდესაც ადამიანები, ერები, კულტურები ისწრაფვიან მეტი ინტეგრაციისა და განვითარებისკენ, ყოვლად მიუღებელია ხელოვნური ბარიერების შექმნა და მავთულხლართების გაჭიმვა“, — ხაზი გაუსვა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს ხელისუფლებამ 2018 წლის დასაწყისში შეიმუშავა ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამემამულეებთან დაახლოებასა და მათთვის ყველა იმ სიკეთის შეთავაზებას ითვალისწინებს, რომლებსაც ქვეყანამ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე რეფორმებით მიღწია.