საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გიტარაზე Knocking on Heavens Door შეასრულა

ირაკლი კობახიძემ სიამოვნებით გაუწია აკომპანირება ბენდ Yellow Band-ის ვოკალისტებს.
Sputnik

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია Imedi-ს გადაცემაში „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად" სტუმრობისას გიტარაზე ამერიკელი მუსიკოს ბობ დილანის ცნობილი სიმღერა Knocking on Heavens Door-ის ჯგუფ Guns N' Roses-ის ქავერ-ვერსია შეასრულა.

გადაცემის წამყვანმა პარლამენტის თავმჯდომარეს საკუთარი მუსიკალური შესაძლებლობების დემონსტრირება მას შემდეგ სთხოვა, რაც კობახიძემ განაცხადა, რომ გიტარაზე ბავშვობიდან უკრავს.

კობახიძემ სიამოვნებით გაუწია აკომპანირება შოუს ბენდ Yellow Band-ის ვოკალისტებს, რომელთა შორისაც ორი განუმეორებელი მომღერალია.

ირაკლი კობახიძე ამ დღეებში 40 წლის გახდა.

იგი თბილისში დაიბადა. უმაღლესი განათლება საქართველოსა და გერმანიაში მიიღო, არის სამართლის დოქტორი.

კობახიძე საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს 2016 წლის ნოემბერში ჩაუდგა სათავეში, როდესაც მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.