საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებენ არ შეუშვან ფაროსანა სახლებში

მავნებლისგან დაზარალებული რეგიონების სოფლის მოსახლეობამ საკუთარი სახლების დასაცავად დამჭერი ხაფანგები უნდა დაამონტაჟოს.
Sputnik

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებენ, დროულად გაატარონ შესაბამისი ზომები საკუთარი სახლების აზიური ფაროსანასგან დაცვის მიზნით, ნათქვამია სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ბრძოლა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ: ბოლო ცნობები

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად მიმდინარეობს და ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე, ტემპერატურის კლებასთან ერთად მწერი გამოზამთრების მიზნით საცხოვრებელი სახლებისა და შენობებისკენ ეტაპობრივად იწყებს გადაადგილებას.

„მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების რეკომენდაციით, ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამჭერი ხაფანგების და მარტივი მეთოდების გამოყენებით მოსახლეობის მიერ მექანიკური ღონისძიებების გატარება, რაც მავნებელთან ბრძოლის ეფექტიანობას გაზრდის და აზიური ფაროსანას რაოდენობას შეამცირებს. ერთი ფაროსანას განადგურება მომავალ სეზონზე 200-ით ნაკლებ მავნებელს ნიშნავს", – ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოს წარმომადგენლები მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით მათთან რეგულარულ შეხვედრებს მართავენ.

2018 წლის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად შესაძლებელი გახდა აზიური ფაროსანას აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელების თავიდან არიდება. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, იქ მათი რაოდენობა შემცირდა.

სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონების ტერიტორიებზე, სადაც შესაძლებელი იყო სპეციალური ტექნიკის გამოყენება და ჩატარდა შეწამვლის სამუშაოები, მოსახლეობამ სიმინდის კარგი მოსავალი მიიღო.

ფაროსანას შეწამვლასთან დაკავშირებით ოზურგეთის მერია მოსახლეობას აფრთხილებს>>>

გასულ წელთან შედარებით წელს თხილის უკეთესი მოსავალი მიიღეს იმ ფერმერებმა, რომლებმაც სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების პარალელურად საკუთარ ნარგავებში მავნებლების და სხვა დაავადებების საწინააღმდეგოდ დროულად ჩაატარეს აგროსამუშაოები.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს მთავრობის პროექტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა.

„მოიზიდე და გაანადგურე“ - სექტემბრიდან ფაროსანასთან ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება

მავნებელთან საბრძოლველად წელს მობილიზებულია 150 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა, რაც 2017 წელთან შედარებით 10-ჯერ მეტია. ასევე გამოყოფილია გაზრდილი საბიუჯეტო რესურსი. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ დროისთვის ქიმიკატებით დამუშავებულია დაახლოებით 400 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი.

აზიური ფაროსანა საქართველოში 2015 წელს, სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გავრცელდა.

მავნებლებთან ბრძოლისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან წელს 49 მლნ ლარია გამოყოფილი. გარდა ამისა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით საქართველოს 3,5 მლნ დოლარი გამოუყო.