თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. სააფთიაქო ნარკომანიის ლობირების ბრალდებით დაკავებული სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გია თვალავაძე პენიტენციური დაწესებულებიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ბრალდებული კლინიკაში გამოკვლევების ჩასატარებლად მოათავსეს, რადგან ის გულ-მკერდის არეში ტკივილს უჩიოდა.
თვალავაძის ადვოკატმა ლალი აფციაურმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კლინიკაში სტენოკარდიული შეტევით გადაიყვანეს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით კი, თვალავაძის დიაგნოზი გამოკვლევების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე 24 სექტემბერს დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. კერძოდ, უნებართვოდ და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შესაბამისი რეცეპტის გარეშე ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია, რითიც აფთიაქების დირექტორები და ფაქტობრივი მფლობელები დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ.
სუს-ის ინფორმაციით, გია თვალავაძე ბოროტად იყენებდა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, კერძოდ, არ რეაგირებდა „ცხელ ხაზზე“ შესულ შეტყობინებებზე, რაც აღნიშნულ აფთიაქებში სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციას ეხებოდა.
26 სექტემბერს სასამართლომ სააფთიაქო ნარკომანიის ლობირების ბრალდებით დაკავებულ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილ უფროსს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, გია თვალავაძე ბრალს არ აღიარებს.