ქართველი მოჭადრაკე ქალები ლიდერებს მიუახლოვდნენ

საჭადრაკო ოლიმპიადაზე ქალთა პირველი ნაკრები ლიდერებს 0,5 ქულით ჩამორჩება.
Sputnik

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო საჭადრაკო ოლიმპიადის მესამე დღეს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა პირველმა ნაკრებმა საფრანგეთის გუნდი დაამარცხა ანგარიშით 2,5:1,5 და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

საჭადრაკო დაფასთან ბრძოლა იმდენად თანაბარი იყო, რომ გამარჯვებული ოთხიდან მხოლოდ ერთმა პარტიამ გამოავლინა. ნინო ბაციაშვილმა თეთრი ფიგურებით ალმირა სკრიპჩენკო დაამარცხა.

დანარჩენმა სამმა ქართველმა სპორტსმენმა - ნანა ძაგნიძემ, ბელა ხოტენაშვილმა და მერი არაბიძემ შეხვედრები ყაიმით დაასრულეს. თუმცა, აღნიშნული შედეგი საერთო გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

ნათამაშები სამი ტურის შემდეგ საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა პირველი ნაკრების აქტივში 9,5 ქულაა. დამატებითი მაჩვენებლებით გუნდი ჩამორჩება მონღოლეთის წარმომადგენლებს, რომლებსაც ქულების ასეთივე რაოდენობა აქვთ, და ჩინეთისა და სომხეთის გუნდებს, რომელთა აქტივში 10-10 ქულაა.

მეოთხე ტურში საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები ვიეტნამის გუნდს შეხვდება.

გარდა ამისა, წარმატება მოიპოვა საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა მესამე ნაკრებმა, რომელმაც ანგარიშით 3,5:0,5 ბრაზილიის გუნდი დაამარცხა. ამ შედეგის წყალობთ გუნდი მიმდინარე სატურნირო ცხრილში 37-ე ადგილიდან მე-19 ადგილზე გადავიდა.

რაც შეეხება საქართველოს მეორე გუნდს, ჩემპიონატის მესამე დღეს იგი მეცხრე ადგილიდან მე-13 ადგილზე ჩამოქვეითდა – ესპანეთის გუნდთან ქართველმა სპორტსმენებმა შეხვედრა ფრედ (2:2) დაასრულეს.

მეოთხე ტურში საქართველოს ქალთა მეორე ნაკრები უნგრეთს დაუპირისპირდება, მესამე ნაკრები კი ავსტრალიის გუნდს.

ბათუმში ჭადრაკის ოლიმპიადა 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება.