ქართული კინოს რეტროსპექტივა გერმანიაში ოქტომბერში გაიმართება

ერთი თვის განმავლობაში გერმანელი მაყურებელი ქართულ კინემატოგრაფიას გაეცნობა.
Sputnik

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორების ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება მაინის ფრანკფურტში 3-31 ოქტომბრის პერიოდში, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფილმების ჩვენება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში მოხდება, რომელზეც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იღებს მონაწილეობას.

ჩვენებები და დისკუსიები მოიცავს კლასიკურ პერიოდს – უხმო კინოდან საქართველოს მიერ 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული ჰიტები გაჟღერდება

რეტროსპექტივის პროგრამაში შესულია 20-ზე მეტი კინოფილმი, მათ შორის, ავანგარდული უხმო კინოს ნიმუშები, როგორებიცაა კოტე მიქაბერიძის ფილმი "ჩემი ბებია" (1929 წ.) და მიხეილ კალატოზიშვილის ფილმი "ჯიმ შვანთე"(1930 წ.).

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფილმებს, რომლებიც რეჟისორებმა საბჭოთა პერიოდის ე.წ. ფორმალიზმის გავლენით გადაიღეს. გერმანელები იხილავენ მიხეილ ჭიაურელის, ნიკოლოზ შენგელაიას, ასევე 50-იანი წლების თაობის რეჟისორების თენგიზ აბულაძის, რეზო ჩხეიძის, ელდარ შენგელაიას, ოთარ იოსელიანის, გიორგი შენგელაიას, ლანა ღოღობერიძის ნამუშევრებს.

გარდა სრულმეტრაჟიანი ფილმებისა, ნაჩვენები იქნება დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა. რეტროსპექტივის ფარგლებში დაგეგმილია ლექციები, შეხვედრები და მასტერ-კლასები ფილმების ავტორებთან.

ქართული ფილმების ჩვენებები კინოს მუზეუმში გაიმართება. დასწრება უფასოა.