თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 3 ოქტომბერს დაიწყება, იუწყება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
უწყების ინფორმაციით, რეგისტრაცია 19 ოქტომბრამდე გასტანს. საბუთების მიღება შესაძლებელია საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ონლაინ. რეგისტრაციისთვის საჭიროა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
პროფესიული განათლების მიღების მსურველები უფასოდ ისწავლიან – პროგრამებს მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს.
რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც მიღებული აქვს საბაზისო განათლება (9 კლასი). ასევე შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს. ასაკობრივი შეზღუდვა არ მოქმედებს.
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, გასული წლის მსგავსად, შესაძლებლობა ექნებათ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე გაიარონ ტესტირება.