ძილის დარღვევა თანამედროვეობის ერთ–ერთი აქტუალური პრობლემაა. მსოფლიოში მილიონობით ადამიანი მიმართავს სამედიცინო დაწესებულებებს ძილთან დაკავშირებული ჩივილით. 2016 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 43%-ს აღენიშნებოდა ძილთან დაკავშირებული ჩივილები.
ვისაც ძილში განვითარებული სუნთქვითი დარღვევა აღენიშნება, მას ხშირად აქვს აპნოე. აპნოე წარმოადგენს სუნთქვის გაჩერების ეპიზოდს ძილის დროს 10 წამით და მეტი ხნით. არსებობს ცენტრალური, ობსტრუქციული და შერეული ტიპის აპნოე.
ობსტრუქციული აპნოე განპირობებლია ზედა სასუნთქი სისტემის დახშობით კუნთების რელაქსაციის გამო.
ცენტრალური აპნოე გამოწვეულია თავის ტვინში არსებული სუნთქვის ცენტრის ფუნქციონირების მოშლით.
აპნოეს დროს ორგანიზმი ცდილობს თქვენ გაღვიძებას და სუნთქვის აღდგენას, ამისათვის კი აუცილებელია გულისცემის გახშირება და არტერიული წნევის მომატება, რამაც უნდა გამოიწვიოს თქვენი შეღვიძება. ღამის განმავლობაში ასეთი ეპიზოდები მრავლადაა, რაც, თავის მხრივ, ზრდის არტერიული ჰიპერტენზიის, მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, დემენციის, სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს, ამცირებს სიცოცხლის ხარისხს და მის ხანგრძლივობას.
ძილში განვითარებული სუნთქვითი დარღვევა კლინიკურად ვლინდება შემდეგი ნიშნებით: ხვრინვა, ძილის დროს სუნთქვის გაჩერება, ქოშინით გაღვიძება, ყელის სიმშრალე და ტკივილი დილით გამოღვიძებისას, შრომისუნარიანობისა და კონცენტრაციის დაქვეითება, ძილიანობა, თავის ტკივილი.
აპნოეს დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია პოლისომნოგრაფიული კვლევის ჩატარება. პოლისომნოგრაფიული კვლევის დროს ხდება თავის ტვინის ელექტრული აქტივობის, გულის ცემის, სუნთქვის, მოძრაობის, სისხლში ჟანგბადის რაოდენობის და სხვა მონაცემების მონიტორინგი. პოლისომნოგრაფიული ჩანაწერით ფასდება ძილის ხანგრძლივობა და ეფექტურობა, ძილის სტრუქტურა, ჩაძინების ლატენცია, გამოღვიძებები, მოძრაობითი აქტივობა, ქცევითი აქტივობა, სუნთქვა, ხვრინვა, თვლემის ეპიზოდები.
ძილის აღნიშნული დარღვევისას პოლისომნოგრაფიის დროს სხვა მონაცემებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სუნთქვას და სისხლის ჟანგბადით გაჯერებას.
პოლისომნოგრაფიული კვლევის გარდა პაციენტმა უნდა გაიაროს ოტორინოლარინგოლოგის და საჭიროებისას პულმონოლოგის კონსულტაცია, რათა გამოირიცხოს სასუნთქი გზების გამავლობის სხვადასხვა ტიპის დაზიანების არსებობა, მათ შორის ძგიდის გამრუდება, პოლიპები, ადენოიდები, ყბა-სახის ანომალიები და სხვ.
აპნოეს დიაგნოსტირების შემდეგ აუცილებელია თერაპიული ღონისძიებების გატარება.
ძილის სუნთქვითი დარღვევების მკურნალობის ძირითადი ეფექტური მეთოდია CPAP/BPAP თერაპია.
CPAP/BPAP თერაპია გულისხმობს პაციენტისთვის ძილის დროს ჰაერის მიწოდებას წნევით, სპეციალური მოწყობილობის საშუალებით - CPAP ან BPAP დანადგარით. წნევით ჰაერის მიწოდების დროს ხდება დახშული სასუნთქი გზების გახსნა და ჰაერი აღწევს ფილტვებამდე.
ეფექტური CPAP/BPAP თერაპიისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მიწოდებული ჰაერის წნევის სწორად შერჩევას. ტიტრაციის (წნევის თანდათანობითი გაზრდა სათანადო და საჭირო წნევის შერჩევამდე) მიზანია წნევის იმ მაჩვენებლის შერჩევა, რომელიც მაქსიმალურად აუმჯობესებს სუნთქვასა და ძილის ხარისხს და ამავე დროს კომფორტულია პაციენტისთვის.
BPAP და CPAP დანადგარები განსხვავდება ერთმანეთისგან მიწოდებული ჰაერის წნევის რეგულაციით. CPAP ერთნაირი წნევით აწვდის ჰაერს როგორც ჩასუნთქვის, ისე ამოსუნთქვის დროს, ხოლო BPAP მოწყობილობა ჩასუნთქვისას ზრდის მიწოდებული ჰაერის წნევას, ხოლო ამოსუნთქვისას ამცირებს.
BPAP თერაპია ნაჩვენებია ისეთ შემთხვევებში, როდესაც გაძნელებულია ამოსუნთქვის პროცესი, მაგალითად, ფილტვის დაავადება, ასთმა, პნევმონია, შესუსტებული სუნთქვა ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ნერვ-კუნთოვანი დაავადებები და სხვა.
სწორი თერაპია მკვეთრად აუმჯობესებს პაციენტის ძილის და ცხოვრების ხარისხს, თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი ხვრინავს და ძილის დროს აჩერებს სუნთქვას, ნუ უგულებელყოფთ ამ მდგომარეობას, აღნიშნული რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, დროულად მიმართეთ ექიმს და დაიძინეთ მშვიდი, ჯანმრთელი ძილით.